საზოგადოება

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

17 მარტი, 2023 • 2076
ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა.

პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა.

„არსებობს საფუძვლიანი გარემოება, რათა ვიფიქროთ, რომ ბატონი პუტინი პირადადაა პასუხისმგებელი ზემოხსენებულ დანაშაულში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰააგის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პროკურატურა. უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრი კოსტინი ტელეგრამის ოფიციალურ არხზე წერს:

„ეს ნიშნავს, რომ რუსეთის საზღვრებს მიღმა პუტინი უნდა დააკავონ და გადასცენ სასამართლოს. ხოლო მსოფლიო ლიდერები ამიერიდან სამჯერ დაფიქრდებიან მანამ, სანამ პუტინს ხელს ჩამოართმევენ ან დასხდებიან მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე. ამ გადაწყვეტილებით მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსეთის რეჟიმი კრიმინალურია, ხოლო მისი ხელმძღვანელობა და თანამონაწილეები აუცილებლად აგებენ პასუხს.

ეს უკრაინისა და საერთაშორისო სამართლისთვის, მთლიანი სისტემისთვის ისტორიული გადაწყვეტილებაა,“

კოსტინი ამავე განცხადებაში ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოსთან ერთწლიანი კომუნიკაციის პერიოდში, უკრიანის მხარემ მასალების 40 ტომი გადასცა.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჰააგის ორდერებს მათთვის „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.


მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და არამხოლოდ, ბავშვები უკანონოდ რუსეთში გადაჰყავდათ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარია სულ მიცრე 16 ათას ბავშვზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი