ახალი ამბები

საია: აქციაზე დაკავებულების ნაწილი ქუთაისში, დუშეთში, გურჯაანსა და ხაშურში გადაიყვანეს

8 მარტი, 2023 • 754
საია: აქციაზე დაკავებულების ნაწილი ქუთაისში, დუშეთში, გურჯაანსა და ხაშურში გადაიყვანეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ 7 მარტს აქციაზე დაკავებულების ნაწილი სხვადასხვა ქალაქშია გადაყვანილი, მათ შორის, ქუთაისში, დუშეთში, გურჯაანს და ხაშურში.

საიას ხელმძღვანელის თქმით, შსს-ს არ გაუკეთებია განმარტება, თბილისში დაკავებულების ნაწილი სხვა ქალაქებში რატომ გადაიყვანეს. ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, დაკავებულების რეგიონებში გადაყვანა ცალსახად შემზღუდავია მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რადგანაც ფერხდება მათი ადგილსამყოფლის მოძიება, ადვოკატებთან კონტაქტი და მათი უფლებების დაცვა:

„არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფი ამ წუთებშიც აგრძელებს დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მიღებას, მათ მოძიებასა და დაკავებულების მონახულებას სხვადასხვა ქალაქში. ამ დროისათვის ვიცავთ 46 დაკავებულის უფლებებს.

პერიოდულად ვამოწმებთ ინფორმაციას, დაკავებულებს როდის გადაიყვანენ სასამართლოში. ამ დროისათვის სასამართლოში საქმეები არ არის შესული“ ,— აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია.

ფოტოზე: 7 მარტის აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ფოტო: ზურაბ ქურციკიძე/EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი