“აფხაზურ გმირულ ეპოსზე” შექმნილი მულტფილმის, „ნართ სასრიყვას“ ერთ-ერთი პერსონაჟი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ გაახმოვანა. ამის შესახებ მან TASS-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, ამ ნაბიჯით მას სურდა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო “აფხაზური ენის შენარჩუნებისა და რესპუბლიკის ეროვნული კულტურის პოპულარიზაციის აუცილებლობისთვის”.
“კრიტიკული შენიშვნებიც მოვისმინე: ნუთუ პრეზიდენტს სხვა საქმე აღარ დარჩა და მულტფილმების გახმოვანების გარდა არაფერი აქვს გასაკეთებელი? რა თქმა უნდა, ამას სულ სხვა მიზანი აქვს! ეს უბრალოდ მულტფილმის გახმოვანება არ არის, ეს აფხაზური მულტფილმია, რომელიც აფხაზურ ენაზეა. ამით ჩვენს საზოგადოებასა და ახალგაზრდა მოქალაქეებს ვუგზავნი გზავნილს, რომ ჩვენთვის მშობლიური ენის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია“.
მისი თქმით, აფხაზების სიმცირის გამო მათი ენა გაქრობის ზღვარზეა.
„ამ კონტექსტში ჩვენი ენის შესანარჩუნებლად სხვადასხვა ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რას ნიშნავს ენა – ეს კულტურის, თვითმყოფადობისა და ქცევის თავისებურებების შენარჩუნებაა. შეიძლება ენაზე არ საუბრობდე, მაგრამ სამშობლო გიყვარდეს. თუმცა, როდესაც საკუთარ ენაზე აზროვნებ, შენი საქმიანობის შედეგიც სრულიად განსხვავებულია“.
მისი თქმით, “მშობლიური ენისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტია”.
„ჩვენ ვიბრძვით საკუთარი ენისა და იდენტობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ მიზნით იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, წინა თაობა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. თუ ჩვენი ენის შესანარჩუნებლად, მისი პოპულარიზაციისთვის და იმისთვის, რომ ამ ენაზე აზროვნებდნენ, მსჯელობდნენ და საუბრობდნენ, კიდევ ასობით მულტფილმის გახმოვანება იქნება საჭირო, მზად ვარ, ეს გავაკეთო“.
