საქართველოს პარლამენტის დეპუტატები — ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია — ხელისუფლებისგან მოითხოვენ, უკან გაითხოვოს რუსული კანონპროექტი, რომელიც 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს.
„ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ დღეს ადამიანებს, რომ ხელისუფლებას უკან გაეწვია ეს რუსული კანონი, მათ კი ხალხს დაუშინეს ცრემლსადენი გაზი და გამოიყენეს წყლის ჭავლი. ვნახეთ არაერთი დაზიანებული ადამიანი. სავარაუდოდ, არიან დაკავებულებიც. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ ეს კანონი და გაათავისუფლონ დაკავებულები”, — განაცხადა თამარ კორძაიამ, რომელიც ამ დრომდე პარლამენტშია.
მასთან ერთად იყო ხათუნა სამნიძეც, რომელმაც ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა:
„ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს კანონი გამოიწვევდა საზოგადოების აგრესიას, დაპირისპირებას და გახლეჩას. ძალიან კარგად იცოდნენ და წინასწარ დაგეგმეს. როგორც კი 76 ხმით დაამტკიცეს კანონპროექტი, დაიწყეს დარბევა.”
თეონა აქუბარდიას თქმით კი, „ოცნების“ 7 მარტის გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება დასავლეთისგან:
„დასავლეთისგან ამას მოჰყვება რეაგირება, დასავლეთი უდგას ქართველ ხალხს გვერდით და ქართული ოცნება აუცილებლად გადაიხდის ფასს რუსული კანონის მიღებისთვის.“
დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.