ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

IT სფეროს განვითარება, ვაჭრობა, ტურიზმი – სოხუმის და მინსკის გეგმები

22 თებერვალი, 2023 • 1314
IT სფეროს განვითარება, ვაჭრობა, ტურიზმი – სოხუმის და მინსკის გეგმები

 

ბელარუსში აფხაზური დელეგაციის ვიზიტის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას თანამშრომლობის გეგმების შესახებ, რომელზეც სოხუმი და მინსკი შეთანხმდნენ.

დე ფაქტო საგარეოს ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბელარუსსა და აფხაზეთს შორის განვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები, კერძოდ, ბელარუსში შეიტანენ გასაყიდად აფხაზურ პროდუქციას, აფხაზეთში კი – ბელარუსის.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის მოქალაქეები აფხაზეთში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.

გარდა ამისა, აფხაზური მხარის ცნობითვე, მიღწეულია შეთანხმება, რომ აფხაზეთში IT სფეროს სპეციალისტები ბელარუსში გადამზადდებიან.

დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსში 20 თებერვალს ჩავიდნენ. იქამდე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში იგეგმებოდა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან აფხაზეთის ინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობა, თუმცა ამის შესახებ არც მოსკოვში და არც მინსკში არაფერი თქმულა.

“როგორც იქნა, მინსკამდე ჩამოაღწიეთ” – ლუკაშენკო ბჟანიას

ლუკაშენკომ აფხაზურ მხარესთან შეხვედრისას, ასევე საქართველოზე ისაუბრა და თქვა, რომ არ ესმის თბილისის მწვავე რეაქციის, როდესაც აფხაზებს ხვდება, რადგან ბელარუს ხალხს აფხაზებთან მეგობრული უერთიერთობები სურს.

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა.

ამასთან, ამავე შეხვედრაზე ლუკაშენკომ მესიჯი გაუგზავნა საქართველოს ხელისუფლებასაც, როდესაც თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა “უხერხულია”.

“რა დღეში ჰყავთ სააკაშვილი, უხერხულია” – ლუკაშენკო

თავად ლუკაშენკო აფხაზეთს 2022 წლის სექტემბერში ეწვია. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

აფხაზური დელეგაციის მინსკში მიღებას გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტი გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – საგარეო

მკაცრად ვგმობ მინსკში ლუკაშენკოს “ოფიციალურ შეხვედრას” ბჟანიასთან – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი