“როგორც იქნა, მინსკამდე ჩამოაღწიეთ. სალაპარაკო ბევრი გვაქვს. იცით, რომ ჩვენ მუდამ დაინტერესებული ვიყავით თქვენს მშვენიერ ქვეყანასთან თანამშრომლობით”,- უთხრა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ბელარუსის პრეზიდენტმა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მინსკში.
ბელარუსში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას და დე ფაქტო საგარეო მინისტრის, ინალ არძინბას ვიზიტისას, ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.
“რატომღაც საქართველოს ხელისუფლება მწვავედ რეაგირებს ჩვენს შეხვედრებზე, ნუთუ ხალხებს შორის არ შეიძლება არსებობდეს ნორმალური, მეგობრული ურთიერთობები? იქნებ, სწორედ ასეთმა ურთიერთობებმა შეუწყოს ხელი აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ხომ არასოდეს ვაპირებდით თბილისთან დაკავშირებით რაიმე აქციებს? რატომ რეაგირებს ასე მწვავედ საქართველოს ხელისუფლება?”- თქვა ლუკაშენკომ აფხაზეთის დე ფაქტო სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას.
ამასთან, ლუკაშენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან შექმნილ სიტუაციას “უხერხული” უწოდა.
“ვადევნებ სიტუაციას საქართველოში, მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით და არც ისე კარგად გამოიყურება ეს ყოველივე, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ხომ მაინც პრეზიდენტი იყო. ამ დონეზე მისვლა უხერხულია”.
დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა. ვიზიტის დასრულების შემდეგ, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბჟანია მოსკოვში ვიზიტს გააგრძელებს.
ლუკაშენკო აფხაზეთს 2022 წლის სექტემბერში ეწვია. იგი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება.