რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი ამბობს, რომ რუსეთისა და საქართველოს შორის ახალ ფორმატში პირდაპირი დიალოგი რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ის გულისხმობს მასსა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილს შორის 19 ნოემბერს მინსკში გამართულ პირველ შეხვედრას.
„შეთანხმება შედგა, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალ ფორმატში, რეგულარულ საფუძველზე წარიმართოს“, – თქვა გალუზინმა სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში კავშირების ეტაპობრივი დამყარებისა და ხალხებს შორის კომუნიკაციების განმტკიცებისთვის.
რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის 19 ნოემბერს მინსკში გაიმართა.
მოსკოვის ცნობით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის განსახილველ საკითხთა შორის არ ყოფილა და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.
ოფიციალური თბილისის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს.
„ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.
მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
