ახალი ამბები

“ვოლტის” კურიერებმა მორიგი აქცია გამართეს

19 თებერვალი, 2023 • 1618
“ვოლტის” კურიერებმა მორიგი აქცია გამართეს

კომპანია “ვოლტის” კურიერებმა დღეს, 19 თებერვალს თბილისში მორიგი აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს კომპანიის მხრიდან მათთვის ანაზღაურების ტარიფების ზრდას. ასევე, კურიერების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე საქართველოში “ვოლტის” ხელმძღვანელი პირების გადადგომა და კომპანიის წარმომადგენლებთან მასშტაბური შეხვედრაა.

“თავიანთი ხარჯებით იქირაონ საკონფერენციო დარბაზი, სადაც შეხვედრას დაესწრება კურიერების უმრავლესობა. არ გვინდა მხოლოდ ორგანიზატორების ასვლა და დალაპარაკება, რადგან წინა აქციებზე ვინც ითავეს ორგანიზატორობა და მოლაპარაკებებზე ცალ-ცალკე ავიდნენ, არ დაკმაყოფილდა კურიერების საერთო სიტყვა და მოთხოვნა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა “მთავარ არხთან”.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის განცხადებით შეხვედრის თაობაზე თანხმობა საკუთარი ხელმოწერით გასულ დღეებში 300-მდე კურიერმა დააფიქსირა.

“ვოლტ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი, სერგი მარღანია კი “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მზად არის კურიერებთან შესახვედრად, თუმცა არა იმ ფორმატში, როგორც ამას პროტესტის მონაწილეები ითხოვენ. მისი განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მსგავს ფორმატში ვერ შედგება კონსტრუქციული დიალოგი, ასევე კომპანიას არ აქვს უფლება პარტნიორ კურიერებთან ხელშეკრულების დეტალებზე ისაუბროს გარეშე პირებთან ერთად.

“რაც შეეხება პირობების გაუმჯობესებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მათი ნებისმიერი მოთხოვნა”, – განაცხადა მარღანიამ.


მიმდინარე თვეში “ვოლტის კურიერებმა რამდენიმე აქცია გამართეს. 5 თებერვალს გამართული აქციისას კი, როგორც ამბობენ, კომპანიის მენეჯმენტისგან მიიღეს მუქარის წერილი, რომ ხელშეკრულება შეუწყდებოდა ნებისმიერ კურიერს, თუ ის “ხელს შეუშლიდა ხაზზე მყოფ კურიერებს სამუშაო საქმიანობის განხორციელებაში”.

კურიერების განცხადებით, ამის შემდეგ კომპანიამ ხელშეკრულება გააუქმა სამ კურიერთან.

ამასთან დაკავშირებით მათ 13 თებერვალს სახალხო დამცველს მიმართეს განცხადებით, სადაც აღნიშნავდნენ, რომ გასულ კვირას, სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე გამართული საპროტესტო აქციისას, კომპანიისგან მიიღეს შეტყობინება, რომელსაც მუქარად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

კურიერების თქმით, აღნიშნულ განცხადებას 100-ზე მეტი კურიერი აწერს ხელს და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ამავე თემაზე გირჩევთ:

გარეკანის ფოტო: კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი