ახალი ამბები

“ვოლტის” კურიერებს კანცელარიასთან აქცია-კონცერტისთვის სცენა არ გააშლევინეს

6 აპრილი, 2023 • 1215
“ვოლტის” კურიერებს კანცელარიასთან აქცია-კონცერტისთვის სცენა არ გააშლევინეს

“ვოლტის” კურიერები აცხადებენ, რომ აქცია-კონცერტის გამართვისთვის თბილისში, სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქცია დღეს, 6 აპრილს, 19.30 საათზეა დაგეგმილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ის, რომ მათ სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს არც კანცელარიასთან და არც პარლამენტთან, კანონდარღვევაა.

“აქცია მოიაზრებდა მუსიკალურ კონცერტს. არ მოგვცეს სცენის გაშლის საშუალება, რაც არის კანონდარღვევა. აქციაზე სცენა და მიკროფონი რომ მექნება, ეს ხომ თავისთავად იგულისხმება და ხან ვიმღერებ, ხან სიტყვით გამოვალ”, – აცხადებს ლომინაშვილი.

აღნიშნულს გამოეხმაურა სოციალური სამართლიანობის ცენტრიც. ორგანიზაციის განცხადებით, პროტესტის მონაწილეებს საპატრულო პოლიციამ განუმარტა, რომ სცენის ასაწყობად მერიიდან წინასწარი ნებართვა იყო საჭირო, თუმცა აღნიშნულს არ ეთანხმება ორგანიზაციის იურისტი, გურამ იმნაძე.

მისი თქმით, თუ აქცია არის მშვიდობიანი და ჯდება შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, ორგანიზატორებს არ აქვთ ვალდებულება, წინასწარ გააფრთხილონ ადმინისტრაციული ორგანო.

“ეს უფრო სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ვიდრე სამართლებრივი. და უფრო ემსახურება იმას, რომ თუკი ადამიანს უნდა, რომ აქცია უსაფრთხოდ ჩატარდეს, მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და ორგანიზებულად, ამისთვის გააფრთხილოს ადმინისტრაციული ორგანო”, – განმარტავს ის.

მისი თქმით, დღეს დაანონსებული აქცია-კონცერტიც იყო ცალსახად მშვიდობიანი და არ სცდებოდა კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ამიტომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია პოლიციის მითითება:

“არ შეიძლება სახელმწიფომ აქციის მონაწილეებს განუსაზღვროს კონკრეტული ფორმა, როგორ ჩაატარებენ აქციას. ამ შემთხვევაში ორგანიზატორების მიზანი იყო, რომ გამართულიყო აქცია-კონცერტი, რაც ასევე შეიძლება იყოს შეკრების ფორმა. ამიტომ, როდესაც ხდება მითითება, შეზღუდვა ფორმებზე, გამოდის, რომ ეს უკვე არის შეკრების და მანიფესტაციის უფლებაში უსაფუძვლო ჩარევა”, – აცხადებს იმნაძე.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აქციის დაგეგმვისას ორგანიზატორებმა მერიას უნდა მიმართონ შესაბამისი წერილით და აცნობონ აქციის შესახებ, თუმცა უწყება ამ ფორმით მხოლოდ ინფორმაციას იღებს და არ გასცემს ნებართვებს.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე ასევე ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებასაც.

რაც შეეხება “ვოლტის” კურიერების გეგმას, აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მაინც გამართავენ, თუმცა აქცია-კონცერტი არ ჩატარდება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, პოლიციის ქმედებაში იკვეთება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შელახვის ნიშნები. ცენტრი ამჟამად აღნიშნულ საკითხს სწავლობს და გეგმავს პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის სცენის გაშლის ხელშეშლის ოფიციალური განმარტების გამოთხოვას, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას მომავალ სამართლებრივ ნაბიჯებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი