ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი (NHC) მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ.
ამის შესახებ ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40 ორგანიზაცია უერთდება.
ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ აღნიშნული კანონპროექტის გამო.
„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია – ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკის გამეორებაა, რაც ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი შეზღუდვები ისეთ პოლიტიკური რეჟიმებს ახასიათებთ, სადაც ძლიერი ანტიდასავლური და არალიბერალური ჯგუფებია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონების მიღებას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვით ამართლებენ, თუმცა, სინამდვილეში, ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების შეზღუდვის საშუალება და ასევე არღვევენ გაერთიანების თავისუფლებას.
ისეთ ქვეყნების მაგალითად კი, სადაც მსგავსი კანონები მოქმედებს, განცხადებაში დასახელებულია: რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი.
განცხადებაში ასევე მიმოხილულია საქართველოში არსებული მდგომარეობა და ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მკვეთრად უარესდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველომ რეგრესი განიცადა დემოკრატიული მმართველობის მაჩვენებლების კუთხით.
„ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონცენტრირებისკენ სწრაფვამ გამოიწვია დემოკრატიის შემცირება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონს მიიღებენ, ეს ქვეყანას რუსეთთან კიდევ უფრო დააახლოებს და ევროპას დააშორებს.
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ მიიღონ შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“. ეს კიდევ უფრო გაიყვანს ქვეყანას რუსეთის პოლიტიკური გავლენის ორბიტაზე და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს დააშორებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.
კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
- ვინ შეიძლება მიიჩნიონ უცხოური გავლენის აგენტად — კანონპროექტი მედიისა და NGO-ების შესაზღუდად
- განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას — ხულორდავა უცხოური აგენტების კანონპროექტზე
- საქართველომ გადაუხვია ევროპული ინტეგრაციის გზიდან — შტეფან მაისტერი
- ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს – კობახიძე
- „კანონი დამოუკიდებელ ხმებს ჩაახშობს“ — აშშ „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე
- არ დაუჭიროთ მხარი “ხალხის ძალის” კანონპროექტს – PACE-ს მოწოდება ქართველ დეპუტატებს