არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან მოითხოვენ დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეოკადრები და განმარტება, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მას ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება, ვერ ჩაითვლება ამ მძიმე ბრალდებებზე სათანადო პასუხად. პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში და რა მოქმედებები განახორციელეს იქ მყოფმა პენიტენციურმა თანამშრომლებმა“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ პასუხობს შემდეგ კითხვებს:

  • რა კონკრეტული საფუძვლით გახდა საჭირო გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანა?
  • რა კონკრეტული ქმედება უძღოდა წინ მის გადაყვანას?
  • იყო თუ არა მისი დეესკალაციის საკანში მოთავსება აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება?
  • რატომ გახდა საჭირო მის საკანში დაახლოებით ათი თანამშრომლის შესვლა?
  • ვინ იყვნენ აღნიშნული თანამშრომლები და რა მოქმედებები განახორციელა თითოეულმა მათგანმა?
  • წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ვიდეო 2025 წლის 21 დეკემბრის შესაბამისი ეპიზოდის/ეპიზოდების სრულ და უწყვეტ ჩანაწერს?
  • დაცულია თუ არა ჩანაწერის ორიგინალი და შესაძლებელია თუ არა მისი ავთენტურობისა და უწყვეტობის დამოუკიდებლად შემოწმება?
  • არსებობს თუ არა სხვა კამერების ჩანაწერები, რომლებიც სრულად ასახავს გიორგი დავითაძის გადაადგილებასა და მასთან მოპყრობას აღნიშნულ პერიოდში?

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას.

თუ გიორგი დავითაძის მიმართ აღწერილი ქმედებები დადასტურდა, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქმე განხილულ უნდა იქნას არა მხოლოდ სექსუალური ხასიათის მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციის ქვეშ, არამედ ეს იმთავითვე უტოლდება წამების აკრძალვის საწინააღმდეგო მოპყრობას სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის — პატიმრის — მიმართ, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტებით აბსოლუტურად აკრძალული ქმედებაა.

„დაუშვებელია გამოძიების დასრულებამდე სახელმწიფოს რომელიმე ორგანომ თავად გადაწყვიტოს, რომ ბრალდებები „სრული სიცრუეა“. სწორედ ეფექტიანი გამოძიების მიზანია იმის დადგენა, რა მოხდა სინამდვილეში“, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ ჩატარდეს გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტების სრულყოფილი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
  • სრულად იქნას დაცული და გამოძიებისთვის, აგრეთვე გიორგი დავითაძის დამცველებისთვის, ხელმისაწვდომი გახდეს 2025 წლის 21 დეკემბრის ყველა ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, კამერების ორიგინალი და უწყვეტი ჩანაწერები, აგრეთვე მათი ავთენტურობისა და მთლიანობის დამადასტურებელი ტექნიკური მონაცემები;
  • დადგინდეს ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც მონაწილეობდნენ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანასა და იქ მის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებში, და გამოიკითხონ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;
  • უზრუნველყოფილ იქნას გიორგი დავითაძის სრული სამედიცინო და სასამართლო-სამედიცინო შემოწმება დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ და დაცული იქნას ყველა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის, ვიდეო და სხვა მტკიცებულება;
  • უზრუნველყოფილ იქნას გიორგი დავითაძის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაძლო მოწმეების დაცვა ნებისმიერი ზეწოლის, დაშინების ან შურისძიებისგან;
  • გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოირიცხოს სავარაუდო ძალადობაში შესაძლო მონაწილე პირთა მიერ მტკიცებულებებზე ზემოქმედების ან გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენის შესაძლებლობა;
  • დადგინდეს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც შესაძლოა გასცეს შესაბამისი ბრძანება, იცოდნენ სავარაუდო ძალადობის შესახებ ან სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მისი პრევენცია და გამოძიება.

„პატიმრის მიმართ წამება, სექსუალური ძალადობა ან ნებისმიერი სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობა, მისი დადასტურების შემთხვევაში, ვერ იქნება გამართლებული დისციპლინური დარღვევით, თანამშრომლების შეურაცხყოფით, დაუმორჩილებლობით ან სხვა გარემოებით. თუ გამოძიებით დადასტურდება გიორგი დავითაძის მიმართ მძიმე ძალადობის ფაქტი ან პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი, ისე შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობისა და იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის ჩათვლით“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  3. დემოკრატიის მცველები
  4. საქართველოს მომავლის აკადემია
  5. პრევენცია პროგრესისთვის
  6. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  7. საქართველოს ევროპული ორბიტა
  8. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  9. საფარი
  10. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  11. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  12. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.