ახალი ამბებიკომენტარი

საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს მტრულ ძალად აღიქვამს – თამარ ჩხეიძე

17 თებერვალი, 2023 • 1598
საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს მტრულ ძალად აღიქვამს – თამარ ჩხეიძე

ისტორიკოსი თამარ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტი “უცხოეთის გავლენის აგენტების” შესახებ მიმართულია არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.

მისი განმარტებით, საქართველოში არასამთავრობების ძირითად ნაწილს დასავლური ორგანიზაციები აფინანსებენ, დასავლეთი კი თავისი ფასეულობებით და მიზნებით საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ინტერესებს ეწინააღმდეგება:

“ცნობილია, რომ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები დაინტერესებული არიან დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით და საქართველოში ხელს უწყობენ ამას. სწორედ ამიტომ არის ხელისუფლება მათი წინააღმდეგი. ისინი დასავლეთს აღიქვამენ როგორც მტრულ ძალას და ცდილობენ აგენტობად ჩათვალონ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მცდელობა.

ეს კანონპროექტი გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოებაში გამყარდეს აზრი, რომ არასამთავრობო სექტორში მომუშავე ხალხი რაღაც ფასეულობებს კი არ ემსახურება, არამედ თითქოს ვიღაცის აგენტები არიან და ასრულებენ მათ დავალებებს, რაც რასაკვირველია, აბსურდია”, – აცხადებს თამარ ჩხეიძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის კანონი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, არ შეიძლება მასთან შედარება, რადგან კონტექსტი სრულიად განსხვავებულია:

“აშშ-ში ეს კანონი მოქმედებს სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში, როცა ხელისუფლების მხრიდან მისი ბოროტად გამოყენება ძალიან არასავარაუდოა, რადგან თავად სისტემა გამორიცხავს მის ბოროტად გამოყენებას. აქ კი სხვაგვარად იმოქმედებს, სულ რომ სიტყვა-სიტყვით ეწეროს ისე, როგორც ამერიკულ კანონშია, საქართველოში სულ სხვა შედეგებს გამოიწვევს”, – აცხადებს ჩხეიძე და განმარტავს, რომ საქართველოში ხელისუფლების გავლენა და ინტერესები განსხვავებულია.

გარეკანის ფოტო: კადრი “ფორმულას” ეთერიდან


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს  აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა  განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი