ახალი ამბები

„ამით არასამთავრობოებზე ზეწოლა არ ხდება“ — ამილახვარი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონზე

16 თებერვალი, 2023 • 961
„ამით არასამთავრობოებზე ზეწოლა არ ხდება“ — ამილახვარი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონზე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ირწმუნება, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა არ მოხდება.

მისი თქმით, „სასაცილოა“, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის წყალგამყოფი გახდეს.

საუბარია „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე, რომელიც რუსეთში წლების წინ მიღებული კანონის ანალოგია და პუტინის რეჟიმმა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის რეპრესირებისთვის გამოიყენა.

„საკანონმდებლო ორგანოში ექნება თუ არა მხარდაჭერა, ამაზე უმრავლესობა ჩამოაყალიბებს პოზიციას და გადაწყვეტს, მაგრამ, უბრალოდ, სასაცილოა, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ისტორიულ დიად მისიასა და ამოცანაზე და ასეთი კანონპროექტი გახდეს წყალგამყოფი, რომელიც, უბრალოდ, ამბობს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოახდინონ ფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა, არანაირი ზეწოლა და მათი დავალდებულება არ ხდება ამ კანონპროექტის საფუძველზე“, – განუცხადა „რუსთავი 2-ს“ გიორგი ამილახვარმა.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში დამოუკიდებელ ხმას ჩაახშობს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა  განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი