ახალი ამბები

“ვოლტის” კურიერებმა თბილისში მორიგი აქცია გამართეს

15 თებერვალი, 2023 • 864
“ვოლტის” კურიერებმა თბილისში მორიგი აქცია გამართეს

დღეს, 15 თებერვალს თბილისში აქცია გამართეს კომპანია “ვოლტის” კურიერებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ტარიფების ზრდის მოთხოვნით. ეს “ვოლტის” კურიერების მეორე მასშტაბური აქციაა თებერვალში.

“ჩვენი აქციები და გაფიცვა ეხება ტარიფების საგრძნობლად დაკლებას. ჩვენი მოთხოვნებია, რომ პირველ რიგში, ტარიფები იყოს მომატებული, ასევე გადაიხედოს კონტრაქტის პირობები და აუცილებელი მოთხოვნაა, არ გვინდა, სამ და ოთხ ორგანიზატორთან ერთად ავიდეთ ოფისში და მათთან ლაპარაკი. ჩვენი აუცილებელი მოთხოვნაა, დაიქირაონ დიდი საკონფერენციოდ დარბაზი იმიტომ, რომ ჩვენ უკან დგას უამრავი ხალხი, გვინდა ყველას ერთად დაგველაპარაკონ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა “მაუწყებელთან”.

მისი განმარტებით, ფართომასშტაბიანი შეხვედრა მათ მას შემდეგ სურთ, რაც კურიერებისა და კომპანიის მხრიდან რამდენიმე ადამიანის შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო. ამასთან, ორგანიზატორის განცხადებით, კურიერების ერთ-ერთი მოთხოვნაა რეგიონული გენერალური მენეჯერის, ნატალია ხიზანიშვილის გადადგომაც.

კურიერების პროტესტს დღეს გამოეხმაურა კომპანიის ადმინისტრაცია. ისინი “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ “ვოლტი” აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრაზე თავიდანვე გამოთქვამდა მზადყოფნას, თუმცა მონაწილეებმა “ვოლტის” მიერ შეთავაზებულ ფორმატზე უარი განაცხადეს და “ითხოვდნენ, მოლაპარაკების პროცესს დასწრებოდა უკლებლივ ყველა კურიერი, ვინც აქციაზე იმყოფებოდა”.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში და მზად ვართ, უშუალოდ ორგანიზატორებისგან მოვისმინოთ მოთხოვნები და განვიხილოთ პრობლემების გადაჭრის გზები. თუმცა მსგავს შეხვედრაზე 200-მდე ადამიანის დასწრება შედეგს ვერ გამოიღებს და ვერ იქნება კონსტრუქციული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ აქციის ორგანიზატორებს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლას, კომპანიის ოფისში შეხვედრას და აქციის მონაწილეთა მოთხოვნების განხილვას.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა განცხადებას გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის შესახებ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 5 თებერვლის შემდეგ არცერთი პარტნიორი კურიერი, არავითარი მიზეზით, პლატფორმიდან არ დაბლოკილა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, “ვოლტი” აცხადებს, რომ 15 თებერვლიდან კომპანიის პლატფორმაზე გაეშვეს პარტნიორი კურიერების ანაზღაურების ახალი სისტემა, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორი კურიერებისთვის შეკვეთის ანაზღაურების წინასწარ შეტყობინებას.

“შეკვეთის დადასტურებამდე კურიერს აპლიკაციაში გამოუჩნდება კონკრეტული ტარიფი და უფრო ინფორმირებულად მიიღებს გადაწყვეტილებას, დაეთანხმოს თუ უარი განაცხადოს შეკვეთის განხორციელებაზე.

ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტნიორი კურიერები უკმაყოფილონი იყვნენ ძველი სისტემით, ამიტომ, მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ Google Maps-ის სერვისი. ეს სისტემა უფრო ზუსტად დათვლის კურიერების მიერ განვლილ მანძილს და, შესაბამისად, მეტ სარგებელს მოუტანს მათ. გარდა ამისა, აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სადაზღვევო კომპანიასთან, რათა გავაუმჯობესოთ პარტნიორი კურიერების დაზღვევის პირობები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, “ვოლტის” თანახმად, მათ მზაობა გამოთქვეს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობაზე.

“ვოლტის” კურიერებმა 13 თებერვალს სახალხო დამცველს მიმართეს განცხადებით, სადაც აღნიშნავდნენ, რომ გასულ კვირას, სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე გამართული საპროტესტო აქციისას, კომპანიისგან მიიღეს შეტყობინება, რომელსაც მუქარად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

კერძოდ, როგორც ისინი აღნიშნავენ, 5 თებერვალს, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას “ვოლტისგან” მიიღეს შეტყობინება, რომ ხელშეკრულება შეუწყდებოდა ნებისმიერ კურიერს, თუ ის “ხელს შეუშლიდა ხაზზე მყოფ კურიერებს სამუშაო საქმიანობის განხორციელებაში”.

კურიერების თქმით, აღნიშნულ განცხადებას 100-ზე მეტი კურიერი აწერს ხელს და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ამავე თემაზე გირჩევთ:

გარეკანის ფოტო: კადრები “მაუწყებლის” პირდაპირი ეთერიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი