ახალი ამბები

“ასეთი დონის უცოდინარობა არ უნდა აჩვენო” — პოდოლიაკის პასუხი კობახიძეს

11 თებერვალი, 2023 • 2044
“ასეთი დონის უცოდინარობა არ უნდა აჩვენო” — პოდოლიაკის პასუხი კობახიძეს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში პოდოლიაკმა დასძინა, რომ “არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინარობა”.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 9 თებერვალს თქვა, რომ რუსეთს ამჟამადაც და საერთო ჯამშიც უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს.

მისი მტკიცებით, სწორედ აღნიშნულის ფონზე იზრდება “ზოგიერთი ძალის ინტერესი”, რომ საქართველო ჩაერთოს “სამხედრო კონფლიქტში”.

საპასუხოდ, მიხაილო პოდოლიაკი კობახიძეს ურჩევს, შეისწავლოს, როგორ წაუვიდა საქმე რუსეთს უკრაინაში.

“საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინარობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს.

სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება.

რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, — აღნიშნავს მიხაილო პოდოლიაკი კობახიძის საპასუხოდ.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ვერ ხედავს ქართულ მხარესთან საუბრის აზრს:

“აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს, გარდა გასაგებია, დიპლომატიური დონისა, მთავრობასთან, რომელსაც აქვს 2008 წლის მტკივნეული ტრავმა გამოვლილი, და მიუხედავად ამისა, მისი მიდგომაა, რომ „ჩვენ გვესმის რუსეთის და მას აქვს უფლება მოკლას ადამიანები უკრაინაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი