ახალი ამბები

ჰათაისპორის ფეხბურთელი ნანგრევებში ცოცხალი იპოვეს

7 თებერვალი, 2023 •
ჰათაისპორის ფეხბურთელი ნანგრევებში ცოცხალი იპოვეს

ჰათაისპორის განელი შემტევი კრისტიან ატსუ, რომელსაც გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ ეძებდნენ, ნანგრევებში იპოვეს. ჰათაისპორის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, 31 წლის სპორტსმენი ცოცხალია და მას შესაბამის დახმარებას უწევენ.

რაც შეეხება კლუბის სპორტულ დირექტორს, რომელიც ასევე, სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი, ამ დრომდე ეძებენ:

„კრისტიან ატსუ ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ის დაშავებულია. რაც შეეხება სპორტულ დირექტორ ტანერ სავუთს, სამწუხაროდ, კვლავ ნანგრევებშია“, – ამბობს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი მუსტაფა ოზაკი.

კრისტიან ატსუ ჰათაისპორს სექტემბერში შეუერთდა. მანამდე პრემიერ ლიგის კლუბებში, მათ შორის ნიუკასლში, ევერტონსა და ჩელსიში თამაშობდა.

რაც შეეხება ჰათაისპორის ქართველ ლეგიონერებს, საბა ლობჟანიძე და ხატია ჭყონია მომხდარის შედეგად არ დაშავებულან და თავს კარგად გრძნობენ.

თურქეთის ჰათაის პროვინცია ერთ-ერთია იმ რეგიონებს შორის, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში. პირველი მიწისძვრის შემდეგ, 6 თებერვალს უკვე შუადღისას თურქეთის იმავე რეგიონში კვლავ მოხდა მიწისძვრა – 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის.

ამ დროისთვის, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 890-ს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი