ახალი ამბები

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46 000-მდე გაიზარდა

19 თებერვალი, 2023 • 1694
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46 000-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46 ათასამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას AL Jazeera ავრცელებს.

ბოლო, 18 თებერვლის მონაცემებით, ცნობილია თურქეთში 40 642, სირიაში კი 5 800 ადამიანის დაღუპვის შესახებ. Al Jazeera-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის არც თურქეთი და არც სირია არ ასახელებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა ძებნის სამუშაოები კვლავ გრძელდება.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის თანახმად, მიწისძვრის შედეგად ნაწილობრივ ან სრულად დაინგრა და დაზიანდა 105 ათასი შენობა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თავმჯდომარის განცხადებით, მიწისძვრით დაზარალებული ზონებიდან 430 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ადგილზე მუშაობას აგრძელებს 80-ზე მეტი ქვეყნიდან მობილიზებული 11 488 სამაშველო ჯგუფი.


მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა, 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ამას მოჰყვა მეორე მიწისძვრა შუადღისას, რომლის სიმძლავრეც ასევე აღემატებოდა 7 მაგნიტუდას.

ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინცია იყო, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს. თურქეთის გარდა, ბიძგებმა ყველაზე მეტად სირიის ჩრდილო-დასავლეთი დააზარალა. უკანასკნელი ცნობებით, მიწისძვრას იქ 5 801 ადამიანი ემსხვერპლა.

გაეროს მიხედვით, საბნებით, გაზის ბალონებითა და ლეიბებით დატვირთული 11 მანქანა უკვე შევიდა სირიაში, თურქეთ-სირიის საზღვარზე ახლად გახსნილი პუნქტის გავლით.

ორგანიზაციის ინფორმაციით, უკანასკნელ 5 დღეში 58-მა სატვირთომ გადაკვეთა კიდევ ერთი სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ასევე სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს და მიწისძვრამდეც იყო გახსნილი. ტვირთებს შორის იყო საკვები, კარვები და ქოლერას ტესტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი