ახალი ამბები

„ჰათაისპორის“ ქართველი ფეხბურთელები მიწისძვრას უვნებლად გადაურჩნენ

6 თებერვალი, 2023 • 1246
„ჰათაისპორის“ ქართველი ფეხბურთელები მიწისძვრას უვნებლად გადაურჩნენ

„ჰათაისპორის“ ქართველი ფეხბურთელები, საბა ლობჟანიძე და ხატია ჭყონია თავს კარგად გრძნობენ და მიწისძვრის შედეგად არ დაშავებულან. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიაწოდეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან კონტაქტში არიან და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

საბა ლობჟანიძე „ჰათაისპორის“ შემადგენლობაში 2021 წლიდანაა, ხატია ჭყონია კი, რომელიც ასევე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემტევია, თურქულ კლუბს ახლახან შეუერთდა.

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი თურქეთის ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში საქმიანობენ, რომელიც 6 თებერვალს გამთენიისას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარეობს.

ფედერაცია ასევე კავშირზეა „ანკარაგიუჯიუს“ ქართველ თავდამსხმელ გიორგი ბერიძესთან. სპორტსმენი ანკარაში იმყოფება და მიწისძვრის შედეგები არ შეხებია.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი „ჰათაისპორის“ განელი ფორვარდი კრისტიან ატსუ. კლუბის ხელმძღვანელობა ასევე ვერ უკავშირდება გუნდის სპორტულ დირექტორს ტანერ სავუტს.

წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

AP News-ის მიხედვით, სირიასა და თურქეთში დაღუპულთა ჯამური რიცხვი, სულ მცირე, 1 300-ს შეადგენს.

თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი