ახალი ამბები

პრეზიდენტი კობახიძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

23 იანვარი, 2023 • 821
პრეზიდენტი კობახიძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

„ამჯერად საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას – საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან, იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.

დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას წინ უძღოდა, დღეს, 23 იანვარს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ განცხადების გავრცელება. თავის განცხადებაში ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება CNN-ის ინტერვიუს ევროკომისიის პრეზიდენტთან და აცხადებს, რომ სიცრუის ტირაჟირებაში საქართველოს პრეზიდენტიც აიყოლიეს.


საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთთან ფრენების აღდგენის მაგივრად მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გახმიანებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ

„ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!” — ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ 20 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

CNN-ის კითხვა საქართველოს გავლით სანქციების არიდებაზე და ფონ დერ ლაიენის პასუხი

CNN-ზე გაჟღერდა მარტივი ტყუილი — კობახიძე

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! — ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი