ახალი ამბები

CNN-ზე გაჟღერდა მარტივი ტყუილი — კობახიძე

18 იანვარი, 2023 • 1745
CNN-ზე გაჟღერდა მარტივი ტყუილი — კობახიძე

„CNN-ზე გაჟღერდა მარტივი ტყუილი“, — ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერიდან ქრისტიან ამანპურის ინტერვიუს ევროკომისიის პრეზიდენტთან.

CNN-ის წამყვანმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ჰკითხა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე და ერთ-ერთ გზად საქართველო დაასახელა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლაზე ინფორმაციის CNN-ში გახმიანება დაუკავშირა ქვეყნისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნას და საბოლოოდ, ომში ჩართვის მიზანს.

„ადამიანები — არა, არიან სერიოზული ძალები, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ. ზუსტად ვიცით, რა იგულისხმება ამის უკან, მაგრამ კარტებს ბოლომდე არ ვხსნით. გლობალური ომის პარტიას აქვს ინტერესი, საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში. ამას ცდილობენ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო CNN-ზე ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა, სადაც CNN-ის ჟურნალისტი „ფეიკზე“ (რუსი ჟურნალისტის სტატიაზე „ნიუ იორკ თაიმსში“) დაყრდნობით ურსულა ფონ დერ ლაიენს უსვამს კითხვას, რასაც თითქოს საფუძვლად უდევს ფაქტი, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები. ეს ხომ „სიენენია“ და არა „ტვ პირველი“ ან „მთავარი არხი“ — „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები?!“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, როდესაც „სიენენზე“ ასეთი მასშტაბის ტყუილი ხმიანდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები.

„ამ ხელოვნურად პრობლემების შექმნის მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი — ესკალაცია და ამ ესკალაციის საბოლოო შედეგი უნდა იყოს მეორე ფრონტი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველო რომ გამოიყენებოდეს სანქცირებული საქონლის რუსეთში შესატანად, ექსპორტის სტატისტიკაში ეს აისახებოდა არაპროპორციული ზრდით, მაშინ როდესაც 33%-ით გაზრდილ ექსპორტში პროპორციულად ყველზე დაბალი მატება რუსეთის მიმართულებით არის.

ამასთან, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის 2/3-ზე მეტი, კობახიძის ცნობით, სასმელი და სოფლის მეურნეობის პროდუქციაა.

„არავითარი ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სანქციების გვერდის ავლასთან“, — თქვა მან.

მისი თქმით, დასავლეთში ამბობდნენ, რომ საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქცია არ შედის, თუმცა „ახლა ცდილობენ სხვა მესიჯი დაალაგონ“.

„თან ეს ტყუილი CNN-ის დონეზეა — CNN-ის ჟურნალისტი ეკითხება ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს არ არის ის, რომ „მთავარი არხი“ ეკითხება ხაბეიშვილს ან ნიკანორ მელიას. საიდან ჩანს, რომ ეს არის CNN-ის დონეზე ხელოვნურად გაჟღერებული შეტევა საქართველოზე — თვითონ ევროკავშირის ქვეყნები რომ ავიღოთ, მხოლოდ 7 ქვეყანაში არის შემცირებული რუსეთთან საგარეო ვაჭრობა, მათ გარდა ყველგან არის გაზრდილი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

CNN-ის წამყვანმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ინტერვიუში სანქცირებული საქონლის რუსეთში შეღწევის მარშრუტად საქართველო დაასახელა. ურსულა ფონ დერ ლაიენს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია და თქვა, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების მე-10 პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის ხვრელების ამოვსებაზე.

CNN-ის კითხვა საქართველოს გავლით სანქციების არიდებაზე და ფონ დერ ლაიენის პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი