საზოგადოება

CNN-ის კითხვა საქართველოს გავლით სანქციების არიდებაზე და ფონ დერ ლაიენის პასუხი

18 იანვარი, 2023 • 1684
CNN-ის კითხვა საქართველოს გავლით სანქციების არიდებაზე და ფონ დერ ლაიენის პასუხი

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები მიუღებელია.

ამის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ფონ დერ ლაიენმა CNN-ის ეთერში, ქრისტიან ამანპურის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. წამყვანმა სანქცირებული საქონლის რუსეთში შეღწევის მარშრუტად საქართველო დაასახელა. ურსულა ფონ დერ ლაიენს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარყვია და ზოგადი პასუხით შემოიფარგლა.

ქრისტიან ამანპური: სანქციებს სანქციებზე იღებთ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვისმენთ და დარწმუნებული ვარ, თქვენც ნანახი გაქვთ ცნობები, რომ მიუხედავად ამისა, ბევრი აკრძალული საქონელი აღწევს რუსეთში. ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით, საქართველოს გავლით… როგორ უნდა იქნას მიღწეული, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთმა ვეღარ მიიღოს ის საქონელი, რომელიც სჭირდება?

ურსულა ფონ დერ ლაიენი: დიახ, ჩვენ სანქციების 9 პაკეტი მივიღეთ და მას მსუსხავი ეფექტი აქვს. სანქციები ანგრევს რუსეთის ეკონომიკას, ახალი ტექნოლოგიების გარეშე ტოვებს მას და ეს მუშაობს. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, არის [სანქციების] გვერდის ავლის მცდელობები. ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. უკვე დავაანონსეთ იმ ადამიანების სიის გაკეთება, ვისაც ტექნოლოგიები ან საქონელი გააქვს ევოკავშირიდან რუსეთში. მაგრამ სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ამ ხვრელების დახურვაზე, [სანქციების] გვერდის ავლის დასრულებაზე და დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათზე, ვინც გვერდს უვლის ევროკავშირის სანქციებს. მე-10 პაკეტი ამაზე იქნება.

CNN-ის ინტერვიუს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით „როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“. სტატიაში საუბარია, რომ რუსეთმა სწრაფად იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის და ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო  მოხერხებულ ლოჯისტიკურ არხად ჩამოყალიბდა რუსეთსა და გარესამყაროს შორის. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტმა NYT-ის სტატიას სრული სიყალბე უწოდა, ყურადღება გაამახვილა ავტორის რუსულ წარმომავლობაზე, მის მიერ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაზე და თქვა, რომ „არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო“.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საქართველოს საშუალებით გვერდის ავლაზე სხვადასხვა ვარაუდი პერიოდულად ვრცელდება.

თავდაპირველად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართულმა მხარემ ამას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ ბრალდება უწოდა და უკრაინისგან მტკიცებულებები მოითხოვა, რომელიც წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლის საფრთხეზე მიუთითა აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (Financial Crimes Enforcement Network – FinCEN) და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS).

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საინვესტიციო კლიმატის შესახებ კი წერია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუციები აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების გზით“. ანგარიში, რომელშიც საუბარია ფინანსური (და არა ეკონომიკური) სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობაზე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა აშშ-ის დასტურად, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი