ახალი ამბები

საგარეჯოში დაჭრილი ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ რჩება – ექიმი

20 იანვარი, 2023 • 1185
საგარეჯოში დაჭრილი ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ რჩება – ექიმი

საგარეჯოში სროლისას ერთი დაჭრილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა განუცხადა.

მამუკა ოთიაშვილის თქმით, მათ კლინიკაში მკურნალობას გადის სამი დაშავებული, რომელთაგან 2 ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი პაციენტი კი კრიტიკულად მძიმედ რჩება:

„სამიდან 2 პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია და ისინი ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობენ, ხოლო ერთი, რომელიც კრიტიკულად მძიმე პაციენტი იყო, ამ ეტაპისთვის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.  გამჭოლი ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ბარძაყის მიდამოში“,- აცხადებს ექიმი.

გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა ეზოში მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.

თავდამსხმელმა მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მან თავი მოიკლა. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო იყო. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სროლის დაწყებისას სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის სრულწლოვანი შვილიც. მან მალევე დატოვა ბინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი