ახალი ამბები

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის და ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

14 ივლისი, 2023 • 1068
საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის და ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი სულხან ჭკადუა საგარეჯოში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს ბრალდებულმა პირმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ასევე, უწყების ცნობით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს.


6 ივლისს საგარეჯოში, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აგრესიულად განწყობილი პირები დახვდნენ.

როგორც გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ ენმ-ის შეხვედრის სივრცის შესასვლელთან მობილიზებული მოქალაქეების მხრიდან, სავარაუდოდ, ქვებს ისროდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი