ახალი ამბები

ამ ლიფტის[გაუმართაობის გამო] გამგეობისთვის არ მიუმართავთ – ისნის მაჟორიტარი

14 იანვარი, 2023 • 1049
ამ ლიფტის[გაუმართაობის გამო] გამგეობისთვის არ მიუმართავთ – ისნის მაჟორიტარი

ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობას გამგეობისთვის ლიფტის გაუმართაობის გამო არ მიუმართავს.

როგორც თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ამბობს, ლიფტები „ამხანაგობის“ საკუთრებაა და მასზე პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკისრება.

„ისნის რაიონის გამგეობამ შარშან 32 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, რომლებიც უმწვავეს მდგომარეობაში იყო. ამას აქვს თავის წესი – ამხანაგობის მიერ გამგეობისთვის მიმართვის. ამ ლიფტზე არ ყოფილა მომართვიანობა[…] დედაქალაქის ნებისმიერ ლიფტზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის მომხმარებელზე, იმიტომ, რომ ლიფტი არის „ამხანაგობის“ საკუთრება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოს ელისაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობაში განცხადება არ შესულა.

„სადარბაზოს მოსახლეობა თვითონ ქირაობენ ადამიანებს, რომლებიც  ლიფტს ემსახურებიან და ვისთანაც გადიან კომუნიკაციას. როცა ის ადამიანები ამბობენ, რომ ლიფტები შეკეთებას აღარ ექვემდებარება, შემდეგ ხდება გამგეობასთან მომართვა. [კორპუსის] თავმჯდომარეს რომ ვკითხეთ რაიმე პრობლემა ხომ არ ფიქსირდებოდა და ჩვენთან რატომ არ იყო განცხადება შემოსული, თვითონ განაცხადა, რომ მსგავსი პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ნიკოლოზ ელისაშვილმა.

კორპუსის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ლიფტის შეკეთების მოთხოვნით გამგეობისთვის არ მიუმართავს.


თბილისში, ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 14 იანვარს, მოხდა.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი