ახალი ამბებიეკონომიკა

ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი: ესაა Rock and roll, ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე – ორბანი

17 დეკემბერი, 2022 • 5481
ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი: ესაა Rock and roll, ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე – ორბანი

“ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ გვაქვს საშუალება ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

ორბანის თქმით, ქვეყნების ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნების ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოება.

„ჩვენ გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები, როგორც მომავლის გზა. დივერსიფიკაცია, მხოლოდ იქამდე არის ოცნება, სანამ ფიზიკური მდგომარეობა და ურთიერთჩართვა არ იქნება მიღწეული. ევროპის ტერიტორიაზე, გონივრულ საზღვრებში კასპიის ზღვიდან გვაქვს ენერგორესურსის მოწოდების შესაძლებლობა. ევროკომისიის ძალისხმევით და ხელშეწყობით, აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. მე მიხარია, რომ აზერბაიჯანი, პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის ღია იყო ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის იდეის მიმართ. ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია ენდოს აზერბაიჯანს, როგორც სანდო პარტნიორს და მომწოდებელს. ჩვენ შეგვიძლია უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში, გავლენის მოსახდენად. როდესაც გაიზრდება იმპორტი, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ჩვენ ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ. ეს არის ინოვაცია. მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი რომ ეს არის ნამდვილი Rock and roll, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.


ევროკავშირი გეგმავს სტრატეგიული წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს.

გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად „დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება“.

ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.

მოგვიანებით, იმავე მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ეწვია, სადაც ადგილობრივ ლიდერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით უნგრული მხარე რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებასა და ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავდა.

„ჩვენ გვინდა, ახალი დიდი ელექტროენერგიის ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია საქართველოს, რუმინეთის გავლით.

ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა 27 ოქტომბერს.

უნგრეთი ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს, როგორც წესი, რუსეთისგან იღებს

გაეცანით მასალას აღნიშნული პროექტის შესახებ ნეტგაზეთის არქივიდან:

ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გადამცემი ხაზი მართლაც აშენდება, ევროპაში ენერგიის ექსპორტი, რომელსაც აზერბაიჯანსა და საქართველოში გამოიმუშავებენ, პირველად გახდება შესაძლებელი.

ამ შემთხვევაში საქართველო ფიზიკურად დაუკავშირდება ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს, რომლის პარტნიორიც  2017 წლიდანაა.

საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ქვეყანაში ჰესების მშენებლობა უნდა დაიწყოს. ასევე უნდა დაჩქარდეს ნენსკრაჰესის მშენებლობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი