ახალი ამბები

რასაც ჭამს, ყველაფერს ირგებს – ნადირაძე სააკაშვილზე

16 დეკემბერი, 2022 •
რასაც ჭამს, ყველაფერს ირგებს – ნადირაძე სააკაშვილზე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რასაც ჭამს, ყველაფერს ირგებს. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, იმის დამტკიცება, სააკაშვილი არ ჭამს თუ ვერ ჭამს, ძალიან რთულია.  ამასთან, ნადირაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები კახექსიის დამადასტურებელ სურათს არ იძლევა.

„ჩვენთან გადმოიყვანეს შიმშილობის შემდეგ, თუმცა კალორაჟის აწევა იქამდე, სადამდეც გვინდოდა, ვერ გამოვიდა. ამასობაში დაემთხვა სასამართლო პროცესის კლინიკაში ჩატარება და ამის შემდეგ წამოვიდა წონის მკვეთრი კლება. იმიტომ, რომ იკვებება მცირე რაოდენობით, შერჩევითად… 1 ან 2 პირღებინებისა და გულისრევის ეპიზოდი იყო. სხვა შემთხვევაში მცირე რაოდენობით თუ რაც თვითონ მას სურს, რასაც ჭამს, ყველაფერს ირგებს, ანუ ის, რომ ვერ ირგებს და ამიტომ არ სუქდება, ეს მომენტი არ არის.

ფიზიკური წინააღმდეგობა ან ყლაპვის მოშლა, სტენოზი ანუ ის, რაც ხელს უშლის გადაყლაპვას, არ არსებობს. ხოლო იმის დიფერენცირება და დამტკიცება, არ ჭამს თუ ვერ ჭამს, ეს იმდენად სუბიქტური და სათუოა, ამის დამტკიცება ძალიან რთულია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.


ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი) განაცხადა.

კახექსია არის ორგანიზმის გამოფიტვა, იგივე დაუძლურება სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების გამო.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი