საზოგადოება

სააკაშვილის გათავისუფლების სამართლებრივი გზები და ადვოკატების არჩევანი

30 ნოემბერი, 2022 • 1191
სააკაშვილის გათავისუფლების სამართლებრივი გზები და ადვოკატების არჩევანი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და „არაა გამორიცხული, კიდევ დამძიმდეს“ — აღნიშნულს ადასტურებს იუსტიციის სამინისტროს კონტრაქტორი კლინიკა „ვივამედი“, რომელმაც გასულ კვირას პაციენტის დაახლოებით 4 კმ მანძილზე ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.

ოჯახი და ადვოკატები ცენტრ “ემპათიის” მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებას ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლების „რომელიმე შტო“ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში მიმოიხილავს, რა სამართლებრივი გზები არსებობს პატიმრის გასათავისუფლებლად, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს.

პრეზიდენტის შეწყალება

„უმოკლესი და ყველაზე მარტივი გზა, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის პოლიტიკური ნება სჭირდება, არის პრეზიდენტის შეწყალება“, — ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კანონი არ აძლევს სააკაშვილის შეწყალების საშუალებას, რადგან „განაჩენის გამოტანის პროცესი დასრულებული არ არის და მას კვლავ ასამართლებენ“.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი „შეიწყალებს მსჯავრდებულს“ — ე.ი. პირს, რომლის მიმართაც უკვე გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის 5 საქმე. აქედან დასრულებულია და პატიმრობა აქვს მისჯილი ორ საქმეზე (სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა). 7 ნოემბრის, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვისა (ე.წ. პიჯაკების საქმე) და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეებზე პროცესი გრძელდება. ამასთან, ეს უკანასკნელი დასკვნით ეტაპზეა.

„მაშინ შეიწყალოს უკვე დამთავრებულ საქმეებზე და სააკაშვილი გათავისუფლდება, რადგან დამთავრებული საქმეების გარდა, არცერთ სხვა საქმეზე არ აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული“, — გვეუბნება შოთა თუთბერიძე.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გათავისუფლდება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, მისი ციხეში დაბრუნება მაინც შესაძლებელია, თუ პროკურატურა რომელიმე მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით და მოსამართლე მას დააკმაყოფილებს.

„ავტომატურად პატიმრობაში დაბრუნებას ეს არ ნიშნავს. პროკურატურამ უნდა დაადასტუროს, რომ აღკვეთის შეფარდება აუცილებელია პატიმრობის სახით. წინა პროცესზე [საზღვრის კვეთის საქმეზე] პროკურატურამ მოითხოვა პატიმრობა და სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა“, — ამბობს შოთა თუთბერიძე. ამასთან, დასძენს, რომ თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, პრეზიდენტს შეუძლია, მიხეილ სააკაშვილი ყველა შემდგომ საქმეზეც შეიწყალოს.

საპროცესო შეთანხმება

სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან ზიანის ანაზღაურებაზე. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს და მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების თეორიული შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, ადვოკატის მიხედვით, ეს ამ ეტაპზე არ არის რეალისტური სცენარი, რადგან მთელი რიგი წინაპირობები სჭირდება, მათ შორის ბრალის აღიარება და ა.შ.

ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლება [კომისიის გზით]

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია. ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია. მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს, განსაზღვრულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. ეს არის მთელი რიგი დაავადებების გართულებული შემთხვევები, როდესაც პროგნოზი მაქსიმუმ 4 თვეში გარდაცვალებას ითვალისწინებს.

ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობს შეეხება, კონფიდენციალურია, თუმცა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, სავარაუდოდ, საქმე არ გვაქვს ასეთ მძიმე შემთხვევასთან და არც ადვოკატები საუბრობენ მათი დაცვის ქვეშ მყოფის კომისიის გზით გათავისუფლების გზაზე.

განაჩენის აღსრულების გადავადება [სასამართლოს გზით]

საქართველოს კანონმდებლობით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მუდმივად იმეორებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრისთვის სასჯელის გადავადება ან გათავისუფლება პენიტენციური სამსახურის პრეროგატივა არაა და თუ სააკაშვილის მხარე დაინტერესებულია, უნდა მიმართონ სასამართლოს. მართალია, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, თუმცა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს შეიძლება მიმართოს მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა. ეს უკანასკნელი სწორედ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოა.

საპროცესო კოდექსი არაფერს ამბობს სასჯელგადავადებული პირისთვის ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვაზე, შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება არ იქნა დაწესებული, სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის პრობლემა არ უნდა შეექმნას. თუმცა მოუწევს, სასამართლოს მიერ დადგენილი პერიოდულობით, წელიწადში სულ მცირე ერთხელ, საკუთარი ხარჯით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინოს სასამართლოს. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და გამოჯანმრთელების შემთხვევაში მსჯავრდებულის პატიმრობაში დაბრუნების გადაწყვეტილებას, ასევე, სასამართლო იღებს.

ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლება [სასამართლოს გზით]

სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

რა გზას მიმართავს სააკაშვილის მხარე?

„გვესმის, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ხელისუფლების ხელშია და უფრო მეტიც, ისეთი ადამიანის ხელშია, რომელიც არც მთავრობის წევრი არ არის, მაგრამ საქართველოს ფაქტობრივი მმართველია. თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით აღმასრულებელ ხელისუფლების ჩართულობის მექანიზმი არ იკვეთება“, — ამბობს შოთა თუთბერიძე.

შესაბამისად, სააკაშვილის დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს გზას დაადგეს და უახლოეს დღეებში მიმართავს სასამართლოს ავადმყოფობის გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან/და გათავისუფლების შუამდგომლობით. შალვა ხაჭაპურიძის ცნობით, „ემპათიის“ დასკვნა და მასში მოცემული დიაგნოზები, რომელიც საჯარო არ არის, როგორც გადავადებაზე, ისე გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის საშუალებას იძლევა და შუამდგომლობაში ორივე იქნება მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი