საზოგადოება

კახექსია მე-4 ხარისხის – ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე

6 დეკემბერი, 2022 • 1804
კახექსია მე-4 ხარისხის – ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი) განაცხადა.

კახექსია არის ორგანიზმის გამოფიტვა, იგივე დაუძლურება სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების გამო.

თენგიზ წულაძის თქმით, ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმებმა სააკაშვილი 4 დეკემბერს გასინჯეს, ესაუბრნენ მის მკურნალ მედიკოსებს ვივამედში და შეისწვლეს პაციენტის ისტორია.

წულაძის თქმით, აპრილის შემდეგ, როდესაც ბოლოს გასინჯა მათმა კონსილიუმმა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა: სახეზეა წონის კლება, კუნთების განლევა, საერთო სისუსტე (პაციენტი საწოლიდან ვერ დგება დაუხმარებლად), ცხელება და ა.შ.

ექიმის თქმით, თუ წონის კლება ასე გაგრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილს რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.

წულაძის თქმით, კახექსიის დროს ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება ხდება და მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძმება.

წულაძის თქმით, მათი შეფასებით, პაციენტი გადასაყვანია სხვა ქვეყანაში, სხვა კლინიკაში, რადგან საქართველოში მისი მდგომარეობა გაუარესდა და თან ეს იმ ფონზე, როდესაც მისმა ექიმებმა ყველაფერი სცადეს. ექიმის თქმით, საქართველოში მსგავს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვის გამოცდილებ არ არსებობს. “ვთვლით, რომ მისაღებია ძირეული გადაწყვეტილებები”.

ის ასევე გამოეხმაურა საკითხს სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით. ექიმის თქმით, როდესაც პირი განზრახ არ ჭამს საჭმელს, ამას ჰქვია შიმშილობა და სუიციდალური ქცევა, ხოლო როდესაც სურს, მაგრამ ვერ ჭამს – ეს არის ანორექსია. წულაძის თქმით, მისი გასინჯვით სააკაშვილს ანორექსია აქვს და არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი ძალით არ იღებს საკვებს.

კონსილიუმის კიდევ ერთი წევრი, ექიმი გიგა ხურციძე ამბობს, რომ თუ რამე იყო ხელმისაწვდომი საქართველოში, ყველაფერია გაკეთებული. მიუხედავად ამისა წონამ კატასროფულად დაიწყო ვარდნა.

ხურციძის თქმით, ამ ტემპით  წონა რამდენიმე თვეში მიაღწევს კრიტიკულ მასას, როდესაც უკვე ორგანოების დაზიანების შეუქცევადი პროცესი იწყება.

“ამას ემატება ნერვების დაზიანება, სიცხე… რაღაც ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომელზეც აქ ვერ დავსვით დიაგნოზი. ჩვენი ცოდნით და ექსპერტიზით, აქ რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, საქართველოში, ყველფერი გაკეთდა. ამაზე მეტი ვერ წარმოგვიდგენია, რა უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, პასუხი უნდა გაეცეს ავტორიტეტული უცხოელი ექიმის მიერ დასმულ კითხვას პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების კვალის აღმოჩენის თაობაზე. მისი თქმით, ზოგადად მძიმე მეტალებით მოწმავლას ნამდვილად შეუძლია გამოიწვიოს ის სიმპტომები, რაც სააკაშვილს აქვს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელთ არ აქვთ მასალები, ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ ცნობებს მძიმე მეტალების შესახებ. მისი თქმით, ტოქსიკოლოგიის მიმართულებით საქართველოში არც კვლევის და არც მართვის თვალსაზრისით დიდი გამოცდილება არ არსებობს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა N157 ბრძანებით შექმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში. ექსპერტთა ჯგუფს ამ დრომდე შემუშავებული ჰქონდა ექვსი დასკვნა.

მიმდინარე პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად დამძიმების შესახებ ცნობების აქტიურად გავრცელების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიღო ექსპერტთა ჯგუფის მორიგი მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, 2022 წლის 4 დეკემბერს ოთხი ექსპერტი იმყოფებოდა კლინიკა „ვივამედში“ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვისა და რელევანტური სამედიცინო მასალების გაცნობის მიზნით, ხოლო ამავე წლის 5 დეკემბერს, კონკრეტულ საკითხებზე დამატებითი დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან.

4-5 დეკემბრის ვიზიტების მიზანი იყო პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და ჩივილების, სიმპტომების აღწერა-შეფასება. ასევე, დინამიკის შეფასება წინარე ვიზიტებთან მიმართებით, იმ კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, რაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს გააჩნია.

4 დეკემბრის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი), აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).

5 დეკემბერს ვიზიტი განახორციელა გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი). ხოლო ვიზიტების შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობა ასევე მიიღეს გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი) და ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი).

ექსპერტთა ჯგუფის პოზიციით, პაციენტის მდგომარეობა, ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ, მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. პაციენტის შეფასების მონაცემები და მსჯელობა სახეზე გვაქვს შემდეგი ძირითადი სიმპტომები: წონაში კლება 42 კგ., გასული წლის ოქტომბერში იყო 115 კგ., 2022 წლის მაისის თვეში 104 კგ. ამჟამად არის 73,6კგ. ამჟამად სხეულის მასის ინდექსი არის 20კგ/მ2 დაქვეითებული კუნთების ძალა, შემცირებული კუნთების მასა, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგიის დაქვეითება, მგრძნობელობის დარღვევა კიდურებში, ცხელება, კოგნიტიური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა).

დიაგნოზები: კახექსია – ჰიპერკატაბოლური მდგომარეობა, რაც ასოცირებულია სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებთან და ხასიათდება კუნთების მასის კლებით ცხიმოვანი მასის კლებასთან ერთად ან მის გარეშე.

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია მოცემული კრიტერიუმებიდან მინიმუმ სამი:  დაქვეითებული კუნთების მასა, დაქვეითებული ენერგია/დაღლილობა, ანორექსია, ბიოქიმიური ცვლილებები (ანემია, ინფლამაცია, ჰიპოალბუმინემია). პაციენტს ამჟამად აქვს: დაქვეითებული კუნთების ძალა, შემცირებული კუნთების მასა, ენერგიის დაქვეითება, ანორექსია, ანემია, ცხელება, წონის კლება 42 კგ (36% საწყისი წონის). ამგვარად, პაციენტის მდგომარეობა აკმაყოფილებს კახექსიის მე-4 დონეს (გამომდინარე კახექსიის გრადაციის სისტემიდან: სხეულის მასის ინდექსი BMI ≤20 კგ/მ2 და წონის კლება 6-დან -11%-მდე მიუთითებს).

თუ 2021 წლის ოქტომბერიდან 2022 წლის მაისამდე, ანუ 7 თვეში, მან დაიკლო 115-105=10 კგ, 2022 წლის მაისიდან დეკემბრის დასაწყისისათვის, 7 თვეში, უკვე 105-73.6=31.4 კგ (წონის 29.5%), ანუ წონის კლების სიჩქარე გასამმაგდა.

ყოველდღიური ცხელების ეპიზოდები (გენეზი დაუდგენელია) ანორექსია, ასთენია, კუნთების განლევა, გაღრმავებული ანემია, პოლინეიროპათია, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, კოგნიტიური გაუარესება, პოსტტრავმული სტრეს სინდრომი (დიაგნოზი დასმულია 2021 წლის 14 დეკემბრისა და 2022 წლის 19 იანვრის დასკვნებით).

მსჯელობა: პაციენტის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება ბოლო წლის და განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში; გაღრმავდა ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია და დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია, წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას; სამწუხაროდ, განვითარდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება – სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ-დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე; პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში (რაც ჩვეულებრივ პაციენტის მართვის სტანდარტია თანამედროვე მედიცინისთვის) და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით.

პაციენტს უტარდება მრავალი კვლევა, თუმცა არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია და მკურნალობა ტარდება ძირითადად სხვადასხვა ახალ გართულებებზე რეაგირების რეჟიმში; კონსილიუმის აზრით, პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. პროცესის ამგვარი განვითარება პროგნოზირებული იყო კიდეც ჩვენს ადრინდელ დასკვნებში.  პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე; სახეზეა ნევროლოგიური სტატუსის გაუარესება, ანემიის გაღრმავება, ანორექსია და გასტროენტერალური მოვლენები. წონის მკვეთრი და სწრაფი კლება, კუნთოვანი მასის განლევა, ცხელება. სახეზეა კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა; პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. წონის კლების სიჩქარე ბოლო თვეებში გასამმაგდა. ასეთი სისწრაფით კლებისას კი კრიტიკული BMI <14 ( რაც < 52 კგ-ს შეესაბამება) მიღწეულ იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება; ამჟამინდელი მკურნალობა შედეგს არ იძლევა. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით.

ექსპერტული მოსაზრებით, პაციენტს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამოდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ვთვლით, რომ მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

  • გიორგი გრიგოლია
  • გრიგოლი ხურციძე
  • გიორგი კაჭარავა
  • გიორგი პაპიაშვილი
  • აიდა გოზალოვა
  • თენგიზ წულაძე
  • ნინო ზავრაშვილი

კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირქტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ “სასურველ საკვებს” იღებს, ისიც მხოლოდ “სასურველ დღეებში”, რის შედეგადაც შესაძლოა დასჭირდეს ზონდით კვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი