ახალი ამბები

სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება – იუსტიციის მინისტრი

7 დეკემბერი, 2022 •
სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, “ფაქტობრივად, მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში და ის არ ემორჩილება მკურნალობის კურსს”. ამის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბრეგაძემ იმედის ეთერში ისაუბრა.

„ის იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის იმიტომ, რომ სხვაგვარად რა განკურნებაზეა საუბარი. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, ამას ხაზგასმით ვიტყვი, და არა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად, მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად, №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალების გამოყენებით სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს:

„სასჯელის გადავადებისთვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი გზები. თუკი ვინმეს სურს, რომ მიმართოს სასამართლოს, ეს არის მისი უფლება. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა ერთობლიობით და მხარეებმაც შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. თუმცა ვხედავთ ძალიან მარტივ და იაფფასიან ხრიკებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, ტელევიზიების გამოყენებით, სხვადასხვა მედიასაშუალებით ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ფაქტობრივად, მას წინასწარ ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე; ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, მათ შორის, მედიებმა იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა“.

რატი ბრეგაძის განცხადებით, “რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ამ კამპანიის მიზანი სააკაშვილის უკანონო გზით გათავისუფლებაა”.

„თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია მოსამართლეზე ზეწოლა. მეეჭვება, რომ არსებობდეს თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფო, სადაც –  მედია იქნება ეს თუ ოპოზიცია – აძლევდეს თავს სასამართლო საქმიანობაში ჩარევის უფლებას და ამ ყველაფერს ასაღებდეს ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაინტერესებით. მთელი ამ კამპანიის მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მათ შორის, ისეთი გზებით, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ – მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ვაცხადებ როგორც იუსტიციის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე, ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.


იუსტიციის მინისტრამდე კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირქტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ “სასურველ საკვებს” იღებს, ისიც მხოლოდ “სასურველ დღეებში”. მისი თქმით, სააკაშვილი უფრო არ ჭამს, ვიდრე – ვერ ჭამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი