ახალი ამბები

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს

6 დეკემბერი, 2022 • 859
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დაუდასტურა.

სააკაშვილის სასამართლო პროცესის დანიშვნას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია. ამიტომ მელიამ ენმ-ის წევრებს ხვალ, 7 დეკემბერს, პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრებისკენ მოუწოდა.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

შესაბაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები“, – დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა.

გიორგი არევაძე ის მოსამართლეა, რომელმაც სანდრო გირგვლიანის (ე.წ. შეწყალების) საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა.

არევაძის გვარი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. სწორედ გიორგი არევაძე განიხილავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესაც. ვრლად გიორგი არევაძის შესახებ შეგიძლია ნახოთ აქ:

ვინ არის მოსამართლე, ვინც სააკაშვილის პატიმრობის გადავადების საქმეს განიხილავს

მასალების გადაბეჭდვის წესი