ახალი ამბები

5 ივლისის საქმის გამოძიება არაეფექტიანად არის წარმოებული — ომბუდსმენი

6 დეკემბერი, 2022 •
5 ივლისის საქმის გამოძიება არაეფექტიანად არის წარმოებული — ომბუდსმენი

სახალხო დამცველი 5 ივლისის საქმის გამოძიებას არაეფექტიანად წარმოებულად მიიჩნევს გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის არავინ მისცა პასუხისგებაში, ხოლო სასამართლომდე მისულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები „არათანმიმდევრული და კონკრეტულ შემთხვევებში დაუსაბუთებელია“.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2021 წლის 5 ივლისს გამართული „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობა  — საერთო ჯამში, სისხლის სამართლის სამი საქმე, რომელთა მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით 20 პირს გამოუტანა განაჩენები. ხსენებული 20 პირიდან, სხვა მუხლებთან ერთად, მხოლოდ 6 პირი გამტყუნდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, ხოლო დანარჩენი 14 პირი სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდების ეპიზოდში გაამართლა (სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო).

„შესწავლილი საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ 5 ივლისის საქმეზე ჩატარებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ზედმიწევნითობისა და დროულობის კუთხით. დაგვიანებით ჩატარდა ექსპერტიზა, დაგვიანებით იქნა მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებები. პროკურატურამ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და არ წარუდგინა ბრალდება კონკრეტულ პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის შესახებ, რაც გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ სასამართლომ 14 პირი ჯგუფური ძალადობის ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურამ ასევე უგულებელყო საკუთრების უფლების ხელყოფის ცალკეული შემთხვევები და არ წარადგინა შესაბამისი ბრალდება მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით“, — აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ გამოიკვეთა არაერთგვაროვანი პრაქტიკაც, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ 6 პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის გამტყუნებისას, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ჯგუფური ძალადობის არსებობის დასადგენად, ხოლო სხვა საქმეებზე აღნიშნული მიდგომა არ გაავრცელა და 14 პირი გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ყველა პირზე ანალოგიური მტკიცებულებები ჰქონდა წარმოდგენილი.

„ბრალდების მხარის ერთ-ერთ არსებით ხარვეზად უნდა მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორის ან ხელმძღვანელისთვის ბრალდება წარდგენილი არ ჰქონდა. სასამართლომ ასევე დაარღვია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, არ გაითვალისწინა რა, კონკრეტულ პირთა მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები და მათი პიროვნება სასჯელის განსაზღვრის დროს“, — მიიჩნევს ომბუდსმენი.


2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, სასულიერო პირებიც, რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „სირცხვილიას” და „თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ. აქციის შემდეგ მათ პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს და იცეკვეს.

ისინი თავს დაესხნენ 45-ზე მეტ ჟურნალისტს, 11 ივლისს ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით. მდუმარე აქციის შემდეგ პარლამენტის წინ მაინც გაშალეს ცისარტყელას ფერების დროშა – რაც ქვიარ უფლებების სიმბოლოა.

საბოლოოდ, ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე 5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

რაც შეეხება თავად ლაშქარავას, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფომ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი ზედოზირებაა.

5 ივლისი: ძალადობა, რომლის ორგანიზატორები ერთი წლის შემდეგაც არ დაუსჯიათ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი