უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით, ლიმანის ფრონტზე, დასახლებული პუნქტები — ნოვე, რედკოდუბი და კატერინივკა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ცნობას უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 არმიის კორპუსი ავრცელებს Telegram-ზე.

„მე-3 არმიის კორპუსმა გაათავისუფლა ნოვე, რედკოდუბი და კატერინივკა, ასევე აღადგინა კონტროლი კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე. მტრის დანაკარგები 2 000 ცოცხალ ძალას შეადგენს, 250-ზე მეტი რუსი კი ტყვედ არის აყვანილი.“

მე-3 არმიის კორპუსის მეთაურმა, ანდრიი ბილეცკიმ განაცხადა, რომ ამ დასახლებული პუნქტების გათავისუფლება შეტევითი ოპერაცია „ვივალდის“ მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ კონტროლი დაწესდა სოფლებზე კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე.

ბილეცკის თქმით, დასახლება ნოვე ამ ფრონტზე რუსული არმიის საკვანძო ჰაბის როლს ასრულებდა.

„საერთო ჯამში, ამ ეტაპის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნეთ უკრაინული მიწის 51 კვ.კმ. ამ ეტაპს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი ოპერაციისთვის.“

25 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული ოპერაცია ლიმანის რაიონში ჯერ არ დასრულებულა. „იქ არის დადებითი სიახლეები, ლიმანის მიმართულებით და მის მიღმაც“, — აღნიშნა მან.

15 სექტემბერს მე-3 არმიის კორპუსმა განაცხადა, რომ კონტრშეტევითი ოპერაციების ფარგლებში დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში 75 კვ.კმ გაწმინდა და კიდევ 10 კვ.კმ გაათავისუფლა.

20 სექტემბერს მე-3 არმიის კორპუსმა შეტევითი ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქში სოფლები: შანდრიჰოლოვე და დერილივე გაათავისუფლა, ხოლო დრობიშევეზე სრული კონტროლი დაამყარა.