სასწავლო პროცესი შეჩერებულია თბილისში, ისანში მდებარე 81-ე სკოლაში, სადაც დღეს მოსწავლეები და მათი მშობლები შეიკრიბნენ.
როგორც ისინი მედიასთან ამბობენ, სასწავლო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც სწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, ერთ-ერთ კლასში გაკვეთილის დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოიშალა.
მშობლები ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობია, სად გააგრძელებდნენ ბავშვები სწავლას:
„ერთი კვირაა ფაქტობრივად საინფორმაციო ვაკუუმში ვართ, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას, როდის გააგრძელებენ, მოგვარებულია თუ არა ეს ყველაფერი იმ დონეზე, რომ, ვთქვათ, ზუსტი თარიღი მაინც ვიცოდეთ, სწავლას როდის დაიწყებენ. ერთი კვირაა ბავშვები სახლში არიან და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი „ტვ პირველთან“.
„ტვ პირველის“ ცნობით, მოგვიანებით სკოლის დირექტორი რამდენიმე მშობელს შეხვდა. მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა თქვა, რომ მოსწავლეები სწავლას 103-ე სკოლაში გააგრძელებენ:
„სწავლას ვიწყებთ ხუთშაბათს, 103-ე სკოლაში, გადასარევი სკოლაა. თანამედროვე, 2010 წელს აშენებული სკოლაა, საუკეთესო სკოლაა თავისი ინფრასტრუქტურით და ყველაფრით“, – თქვა სკოლის დირექტორმა, იაგო ელერდაშვილმა.
ამ სკოლებს შორის მანძილი ავტომობილით დაახლოებით 2,9 კმ-ია.
