პროევროპული აქციებისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე არტემ გრიბული საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს.

ის ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს, რომ ანასტასია ზინოვკინასთან ქორწინების ნებას ხელოვნური მიზეზებით არ რთავენ, პარალელურად კი ყველა ადვოკატს შესთავაზეს საპროცესოს გაფორმება.

„30 სექტემბერს მე და ანასტასიას გვექნება საბოლოო სხდომა სააპელაციო სასამართლოში. ვიმედოვნებ, რომ ის მართლა საბოლოო იქნება. ჩვენი სააპელაციო სასამართლო გრძელდება უკვე თითქმის ერთი წელია და ეს ძალიან ბევრია. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გაგვაწამონ და გვაიძულონ საპროცესოს გაფორმება. მთელი ეს პერიოდი ჩვენ არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას სხვადასხვა საბაბით. მაგალითად, ვითომ იმიტომ, რომ ჩვენ უკანონოდ ვიმყოფებით საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი უფლებაა, რომელიც გარანტირებულია კანონით და ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით. ჩვენს მდგომარეობაში დაქორწინება ბევრს ვერაფერს ცვლის, მორალური მდგომარეობის გარდა. ყველაზე შესამჩნევი ალბათ ისაა, რომ დაქორწინების შემთხვევაში ვალდებულები იქნებიან თვეში ორჯერ ჩაგვინიშნონ ვიდეოპაემანი. ამიტომაც გვეუბნებიან უარს — გაცილებით მარტივია ზეწოლა მოახდინო იმაზე, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს“, — წერს გრიბული.

მისი თქმით, იგივე მიზეზით, მასთან არ უშვებენ მღვდელს და ქვეყანაში — ანასტასია ზინოვკინას დედას.

„ამ დროს პროკურორი მიდის ჩვენს ყველა ადვოკატთან და სთავაზობს საპროცესოს. აღიარეთ და ცოტას მოგისჯით, მალე გამოხვალთ, ფაქტობრივად მეორე დღესვეო. როცა ვამბობ, რომ ყველა ადვოკატს სთავაზობს სათითაოდ, მართლა ყველა ადვოკატს ვგულისხმობ. პროკურორი მისული იყო იმ ადვოკატთანაც კი, რომელიც დაქორწინებაში გვეხმარება და სისხლის სამართლის საქმეში არაა ჩართული. მაგრამ ვერანაირი საპროცესო ვერ შედგება. ეს იქნებოდა ნამეტანი დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის და იმ დამნაშავეებისთვის, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. მათი ზეწოლის მცდელობა ამ მეთოდებით საწყლად გამოიყურება“, — აცხადებს გრიბული.

ის დარწმუნებულია, რომ ნარკოტიკი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს.

„მთლიანი საქმე სრული ფალსიფიკაციაა, რომელიც გაკეთებულია უნიათო თანამშრომლების მიერ, რომლებსაც ნორმალურად არაფერი არ შეუძლიათ — არც ჩადება, არც საბუთების შედგენა, არც სასამართლოში ჩვენებების მიცემა. ეგ უნიათოები:

  • გამოიჭირეს იმ ნარკოტიკის ჩანაცვლებაზე, რომელიც თვითონვე ჩაგვიდეს;
  • გამოიჭირეს საქმის მასალებიდან ნარკოტიკის მოპარვაზე;
  • გამოიჭირეს საბუთების გაყალბებაზე;
  • ძალიან ბევრს იტყუებოდნენ სასამართლოზე და გამოიჭირეს ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე, ასევე სახლის ჩხრეკის ვიდეო ჩანაწერზე, მტკიცებულებებსა და საბუთებზე.

არც კი ვიცი, ეს ძალიან სევდიანია თუ ძალიან სასაცილოა. 30 სექტემბრამდე სასამართლო იფიქრებს, თუ როგორ დახუჭოს თვალი ამ ყველაფერზე. მოდით და მოუსმინეთ, თუ რას იტყვიან მოსამართლეები და დააკვირდით მათ სახეებს ამ დროს. ჩვენ კი ვიბრძოლებთ სიმართლისთვის, და სიმართლე გაიმარჯვებს“, — ნათქვამია წერილში.


არტემ გრიბული არის რუსეთის მოქალაქე, მონაცემთა მეცნიერი და აქტივისტი, რომელიც ამჟამად საქართველოში პატიმრობაში იმყოფება. მისი სახელი ფართოდ გახდა ცნობილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და მასთან დაკავშირებული რეზონანსული სასამართლო პროცესის გამო.

არტემ გრიბული და მისი პარტნიორი ანასტასია ზინოვკინა 2024 წლის დეკემბერში თბილისში დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (ალფა-PVP) ფლობა.

2025 წლის სექტემბერში სასამართლომ თითოეულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

არტემი და ანასტასია აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისში გამართულ პროევროპულ და ანტისამთავრობო აქციებში (რუსთაველის გამზირზე). ისინი აქციების მონაწილეებს ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ.

თავად ბრალდებულები, მათი ადვოკატები და არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციამ მათ ჩაუდო. მათი თქმით, დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა აქტივისტების დაშინებას.

პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა არაერთხელ განაცხადეს პოლიციელთა მხრიდან ზეწოლასა და არასათანადო მოპყრობაზე. ერთ-ერთ სხდომაზე არტემმა გამოიტანა ფურცელი წარწერით: „მან ჩადო ნარკოტიკი ჩემს ჯიბეებში”. გამოძიებას სასამართლოზე არ წარმოუდგენია ვიდეომტკიცებულება, სადაც ასახული იქნებოდა, როგორ ამოიღეს მათგან სადავო ნარკოტიკი.

ციხეში მოხვედრამდე ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა. ის პროგრამირებითა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებით იყო დაინტერესებული.

საპატიმროში ყოფნისას არტემ გრიბულმა რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა (მათ შორის მშრალი შიმშილობა) პროტესტის ნიშნად.