პარლამენტარმა თამარ კორძაიამ პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ალტერნატიული ვერსია, რომელსაც, მისი თქმით, მხარს უჭერენ ტელემაუწყებლები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, რეგულირების სფეროში ექცევა მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია.
პარლამენტში დაგეგმილმა ცვლილებებმა, – რაც რამდენიმე კვირის წინ განიხილეს კომიტეტებზე, – მედიასაშუალებების, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა.
თამარ კორძაიამ 28 ნოემბერს, ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მთავარი მიზანი არის „არა სიძულვილის ენის რეგულირება და შეპასუხების უფლების უზრუნველყოფა, არამედ საავტორო უფლებების დაცვა“.
პარლამენტარის თქმითვე, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ევროკავშირის ვალდებულებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მაუწყებლობის სფერო და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა აცხადებს:
„რამდენად გავიაზრებთ და გავითვალისწინებთ შინაარსობრივად ამ ვალდებულებებს, როგორ მოვახდენთ ამ ვალდებულებებისა და საქართველოში არსებული რეალობის გაშუალოებას, იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ამაზეა დამოკიდებული ქვეყანაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა და დემოკრატიის ხარისხი“.
კორძაიას განცხადებით, მისი წარდგენილი წინადადებები „ისეთი ვერსიაა, რომელიც დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და, ამავდროულად, არ შექმნის საფრთხეს მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვის თვალსაზრისით“.
დეპუტატის თქმითვე, კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია შეთანხმებულია როგორც პროოპოზიციურ, ისე პროსახელისუფლებო ტელემაუწყებლებთან: „იმედი“, „მაესტრო“, „რუსთავი 2“, „პალიტრა“, „პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი“.
კორძაია აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გაცილებით სხვა ტრადიცია აქვთ, ბევრად განსხვავებული, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს:
„როცა იქ შეიქმნა რეგულირების მექანიზმები, იმ სახელმწიფოებში მედია არასოდეს ყოფილა ისე მძლავრად გამოყენებული პოლიტიკური ინსტრუმენტებისთვის, როგორც ეს საქართველოში ხდება. ასე რომ, რეგულაციები არ გამოიყენებოდა მედიების ისეთი სანქცირებისთვის, რაც მათ არსებობის შესაძლებლობას მოუსპობდა. ამასთან, გარემოება, რომ იქ რეგულაციებია, განპირობებულია იმით, რომ 2018 წლამდე დირექტივით ევორპაში არ ყოფილა წახალისებული თვითრეგულირებისა და თანარეგულირების მექანიზმები. შესაბამისად, იქაც სიახლეა ეს.
და როცა გვაქვს შესაძლებლობა, თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანობა ჩვენთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეგვიძლია უმტკივნეულოდ გადავიდეთ ოდნავ უფრო სერიოზულ რეგულირებაზე, მაგრამ არ შემოვიყვანოთ სახელმწიფო, ან რომელიმე ორგანო, კომუნიკაციების კომისიის სახით.“.
„ოცნებისეული“ კანონპროექტის თანახმად, „კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით“. „მედიაომბუდსმენის“ თანახმად, ცვლილების არსი ის არის, რომ „სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს“.
თამარ კორძაიას განცხადებით, დასაფასებელია, რომ მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა ჯარიმების გადახდის გადავადება, მაგრამ ასევე განაცხადა:
„საბოლოო ჯამში, მაუწყებლების მიერ გადასახდელი ჯარიმების დაუყოვნებლივი აღსრულების საჭიროება ვერ დასაბუთდება იმ არგუმენტებით, რომ ამით საზოგადოებისთვის [მიყენებული ზიანი], სიძულვილის ენა დაუყოვნებლივ აღმოიფხვრება და მედია თუ ჯარიმას გადაიხდის დაუყოვნებლივ, ამით გამოსწორდება. მედიას თუ დაუყოვნებლივ გადავახდევინებთ ჯარიმას, ის მედიასაშუალება დაიხურება. თუკი ის მედია დაიხურება და დახურვა არის ის გზა, რომ სიძულვილის ენა დავარეგულიროთ, პირდაპირ ვთქვათ ეს. პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ კანონს ვიღებთ იმისთვის, რომ მედიები დავხუროთ. სხვა შემთხვევაში კი სახელმწიფოსთვის თუნდაც 150 000 ლარის შეტანა ბიუჯეტში არაფერს წარმოადგენს იმის საპირწონედ, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება არ შეიზღუდოს“.
პარლამენტარის თქმით, თუკი კანონს იმ ფორმით მიიღებენ, როგორაც წარადგინეს, ეს, სავარაუდოდ, გააჩენს კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ სტანდარტს, რომელიც ამბობს, რომ ეს ღონისძიება მისაღწევი შედეგისთვის ვარგისი, აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება უნდა იყოს, დაჯარიმების ნაწილში ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს“.
კორძაიას თქმით, მისი შეთავაზებაა, კანონპროექტიდან ამოიღონ „დაჯარიმების დაუყოვნებლივ აღსრულების მუხლი“, რაც „არაფერს არ გვაძლევს სახელმწიფოებრივად, გარდა იმისა, რომ შეფასდება, როგორც მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვა“.
თამარ კორძაია ასევე აცხადებს, რომ „პასუხის უფლება“, რაც ახალი კანონპროექტითაა გათვალისწინებული, წლების წინ სამოქალაქო კოდექსით იყო გათვალისწინებული, თუმცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონმა შეცვალა.
კანონპროექტი დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, „მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა“ ამ ფაქტის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.
თუკი საკითხი მაუწყებლის დონეზე ვერ გადაწყდა, „მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში“.
კორძაია გამოდის ინიციატივით, რომ ნაცვლად კომისიისა და სასამართლოსი, მაუწყებლის უარი შესწორებაზე გასაჩივრდეს „საერთო სააპელაციო საბჭოში“.
„ესაა ალტერნატივა იმისა, რომ თვითრეგულირების ის მექანიზმები, რაც არ მუშაობს ტელევიზიებს შიგნით, გავიდეს ტელევიზიის გარეთაც. პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. მაგრამ მთავარია, რომ ის არ იყოს სახელმწიფოს მიერ მართული და რეგულირებული ორგანო, არც ფინანსურად, არც სტრუქტურულად და სისტემურად. და მის ჩამოყალიბებაში სახელმწიფო არ უნდა იღებდეს მონაწილეობას“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, კორძაიას თქმით, პრობლემა რეალურად არის არა ტელევიზიების უარი რესპონდენტებისთვის პასუხის უფლებაზე, არამედ პირიქით, „პრობლემაა ის, რომ [რესპონდენტებს] ურეკავენ ჟურნალისტები და ჩვენ არ ვაძლევთ პასუხს“.
ნახეთ ასევე:
ვრცლად ამ საკითხზე: