ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“(CPJ) აცხადებს, რომ საქართველოს მაუწყებლობის კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ცენზურის შიშს იწვევს.

საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე, რომელიც „მედიაომბუდსმენის“ შეფასებით,  მედიის უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გააუქმოს სადავო ცვლილებები ქვეყნის მაუწყებლობის შესახებ კანონში და იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაოს მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ინდუსტრიის ფართო მხარდაჭერით  სარგებლობს.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მედიის ადვოკატირების კოალიციის პოზიციაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების რისკს ზრდის.

„საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული პრობლემების გათვალისწინებით, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან და კომუნიკაციების კომისიის მიმართ დაინტერესებულ მხარეთა ნდობის ნაკლებობასთან დაკავშირებით, ნაბიჯები, რომელიც მიმართულია კომისიის მიერ სანქციების დაწესების უფლებამოსილების გასაძლიერებისკენ, უკიდურესად შეუსაბამოა და უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა გულნოზა საიდმა.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) ამერიკული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს პრესის თავისუფლებას და იცავს ჟურნალისტების უფლებებს მთელ მსოფლიოში.


„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია, რეგულირების სფეროში ექცევა.„მედიაომბუდსმენი“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააუარესებს მედიის უფლებრივ მდგომარეობას.

„მედიაომბუდსმენის“ თანახმადვე, რჩება შთაბეჭდილება, რომ შემოთავაზებული პაკეტი წარმოადგენს 2018 წლის 28 დეკემბერს  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „გაუარესებულ ვერსიას, რომელიც  მკაცრად იყო გაკრიტიკებული მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ“.

ვრცლად ამ საკითხზე: