ახალი ამბები

„ოცნების“ კანონპროექტი მედიის მდგომარეობს აუარესებს – „მედიაომბუდსმენი“

14 სექტემბერი, 2022 • 1435
„ოცნების“ კანონპროექტი მედიის მდგომარეობს აუარესებს – „მედიაომბუდსმენი“

„მედიაომბუდსმენი“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააუარესებს მედიის უფლებრივ მდგომარეობას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია, რეგულირების სფეროში ექცევა.

ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენი“ კანონპროექტში რამდენიმე პრობლემურ ასპექტს გამოყოფს:

კომისიის სამართლებრივი აქტის ამოქმედების სტანდარტის ცვლილება

შემოთ შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, „კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ცვლილების არსი ის არის, რომ „სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს“.

მედიაომბუდსმენის თანახმად, ამჟამად მოქმედი წესით, თუკი კომისიამ მაუწყებელი გაამტყუნა რაიმე საკითხში, მაუწყებელს შეუძლია, სასამართლოს მიმართოს, ამ პერიოდში კი კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია მანამ, სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მედიაომბუდსმენის“ პოზიციით, „კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების დასჯის პრაქტიკის ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი“.

„პასუხის უფლება“

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მაუწყებლობის შესახებ კანონში „პასუხის უფლების“ ცნების გაჩენას.

ცვლილებებით, „დაინტერესებულ პირს, ვისი კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, აქვს პასუხის უფლება“.

კანონპროექტი დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, „მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა“ ამ ფაქტის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

თუკი საკითხი მაუწყებლის დონეზე ვერ გადაწყდა, „მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში“.

„მედიაომბუდსმენის“, ნათია კაპანაძის განცხადებით, ამ ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაინტერესებული პირის უფლების იმგვარ გაფართოება, რაც „შექმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მაღალ რისკებს პოლიტიკოსების ან/და პოლიტიკური აქტივისტების მხრიდან“.

„ამასთან ერთად, განმარტებით ბარათში მითითებული წინაპირობა, რომ „თვითრეგულირების მექანიზმის არსებობა ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს ვალდებულებებს, რომელიც გამომდინარეობს ევროდირექტივიდან“, – არ წარმოადგენს თვითრეგულირების მექანიზმის სათანადო კანონისმიერ შეფასებას, რადგან თვითრეგულირების ამოცანა სწორედ საკანონმდებლო ვალდებულებების და შიდა თუ საერთაშორისო ნორმების მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით დაცვაა, რომლის მხარდაჭერა კომუნიკაციების კომისიის ამოცანაა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში კომუნიკაციების კომისიამ არ გამოავლინა სათანადო ძალისხმევა“, – აცხადებს ნათია კაპანაძე.

თვითრეგულირების პროცესის ცვლილება

ცვლილებების თანახმად, კანონში გაიწერება, რომ „იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელებ,ა რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე“. ასევე, „იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას“.

„მედიაომბუდსმენის“ პოზიციით, „განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვა, რადგან თვითრეგულირების პროცესის ცვლილება შესაძლებელია გამოყენებული იყოს მედიასაშუალებების შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმად“.

„ამასთან, შემოთავაზებული ცვლილების, – კომისიის გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულების, – ფონზე, ამ ფორმულირებით ნორმის ამგვარად ამოქმედება მაღალი ალბათობით გახდება მედიაზე მყისიერი გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი“, – აცხადებს ნათია კაპანაძე.

„შშმ პირთა უფლებების სახელით ხელისუფლების მიმართ დადებითად განწყობილი მედიის დაფინანსების სქემის შექმნის საფრთხე“

„მედიაომბუდსმენის“ თანახმად, შემოთავაზებული კანონპროექტის კიდევ ერთი ნაკლოვანება შესაძლოა აღმოჩნდეს შშმ პირთა გადაცემების დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლების ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

„გამოცდილების თანახმად, ხელისუფლება დიდიხანია იმყოფება მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში,  არ თანამშრომლობს კრიტიკულ მედიასაშუალებებთან წინასაარჩევნო / პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2021 წლის კვლევის თანახმად, გამოიკვეთა, რომ 2020 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად ასევე დგინდება, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა „მთავარ არხზე“ საერთოდ არ განათავსა და რეკლამის უმეტესობა (54%) სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში მიიტანა. თავის მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამის ძირითადი ნაწილი (88%)  „მთავარ არხზე“ განათავსა და ფასიანი რეკლამა ტელეკომპანია „იმედზე“ საერთოდ არ მიიტანა“.

ამასთან, „ქართული ოცნება“, „მედიაომბუდსმენის“ თქმით, ერთადერთი პარტიაა, რომელმაც 259 ათასი ლარის ღირებულების პოლიტიკური რეკლამა ტელევიზია „პოსტვ-ზე“ განათავსა.

„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნებული იქნება და მაღალი ალბათობით შშმ პირთა უფლებების დაცვის სახელით ხელისუფლება შეეცდება სახელმწიფო სახსრები მიმართოს მის მიმართ კეთილგანწყობილი მედიის დასაფინანსებლად“, – აცხადებს „მედიაომბუდსმენი“.

„ჰიბრიდული ომის საფრთხეების უგულებელყოფა“

„მედიაომბუდსმენი“ შენიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოებში ავტორიზებული/ლიცენზირებული ტელეარხების თავისუფალი მიღება და შეუზღუდავი ტრანზიტის ახალი ფორმით განმტკიცება, თუკი შესაბამისობაში დარჩება საქართველოს კანონმდებლობასთან, მიანიშნებს, რომ კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული რუსული პროპაგანდის საფრთხეები, – ეს კი მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ზომები, მათ შორის, სხვა სახელმწიფოების ავტორიზებული/ლიცენზირებული ტელეარხების გავრცელებასთან დაკავშირებით.

„კანონპროექტი სხვა ქვეყნების გამოცდილების გარეშე“

„მედიაომბუდსმენი“ საგანგაშოს უწოდებს იმას, რომ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ არ არსებობს, ასევე არ არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას.

„აღნიშნული გარემოება განსაკუთრებულად აძლიერებს ხარვეზების მოლოდინს და საერთაშორისო მოთხოვნათა მმართველი გუნდის პოლიტიკური საჭიროებების მიხედვით განმარტების საფრთხეებს“, – წერს იგი.

თუმცა ორგანიზაცია იქვე შენიშნავს, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზად ინიციატივის ავტორები უთითებენ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებულ შეფასებებს, რომელიც  თავის მხრივ აცხადებს, რომ დაეყრდნო მხოლოდ საკონსულტაციო კომპანია „Grant Thornton“-ისა და იურიდიული კომპანია ,,Pierston“- ის საკონსულატიო ჯგუფის და ექსპერტის ჟან ფრანსუა ფურნემონის  რეკომენდაციებს.

„აღნიშნული წინაპირობები კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ ინიციატივა წარმოადგენს მედიაზე ზემოქმედების ინსტრუმენტის შექმნის ახალ მცდელობას,  ეფუძნება მმართველი  გუნდის მედიასთან ურთიერთობის ნაკლოვან პოლიტიკას და ადგენს მკაცრ სტანდარტს კრიტიკული მედიის შესაჩერებლად. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით შეუძლებელია მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა, რომელიც კანონპროექტის მოსალოდნელ შედეგადაა მითითებული“, – აცხადებს „მედიაომბუდსმენი“. 

„მედიაომბუდსმენის“ თანახმადვე, რჩება შთაბეჭდილება, რომ შემოთავაზებული პაკეტი წარმოადგენს 2018 წლის 28 დეკემბერს  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „გაუარესებულ ვერსიას, რომელიც  მკაცრად იყო გაკრიტიკებული მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ“.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი