ახალი ამბები

ჯარის დამარცხება არ შეუძლიათ, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან — ზალუჟნი

23 ნოემბერი, 2022 • 1118
ჯარის დამარცხება არ შეუძლიათ, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან — ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გამოეხმაურა 23 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ მასობრივ სარაკეტო იერიშს.

მისი თქმით, რუსები ჩვილებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან.

„დღეს ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ, დაიწყო მასობრივი სარაკეტო შეტევა ჩვენი სახელმწიფოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რადგან არ შეუძლია შეიარაღებული ძალების დამარცხება, მტერი ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას, თბოელექტროსადგურებს, სამედიცინო დაწესებულებებს და ჩვილებსაც კი“, — დაწერა ზალუჟნიმ Facebook-ზე.

მისი თქმით, დღევანდელი შეტევის დროს რუსეთმა 67 საჰაერო და საკრუიზო რაკეტა გაუშვა. აქედან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს 51 რაკეტა და 5 კამიკაძე დრონი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 23 ნოემბერს  რუსეთის სარაკეტო იერიშს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა კიევში და ერთი ახალშობილი დაიღუპა ზაპოროჟიეს რეგიონში. დაბომბვის შედეგად გაითიშა ყველა ატომური სადგური და თბო და ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობა. შედეგად, უკრაინის დიდ ნაწილს და მოლდოვის ნახევარზე მეტს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

მოლდოვას და უკრაინას დენი არ მიეწოდება, კიშინიოვმა რუსეთის ელჩი დაიბარა

მასალების გადაბეჭდვის წესი