ახალი ამბები

მოლდოვას და უკრაინას დენი არ მიეწოდება, კიშინიოვმა რუსეთის ელჩი დაიბარა

23 ნოემბერი, 2022 • 865
მოლდოვას და უკრაინას დენი არ მიეწოდება, კიშინიოვმა რუსეთის ელჩი დაიბარა

უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო ელექტროენერგია გაითიშა უკრაინისა და მოლდოვის დიდ ნაწილში.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ დატოვა მოლდოვა სიბნელეში. მისი თქმით, ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა ხდება მთელ ქვეყანაში, მათ შორის კიშინიოვსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ კიშინიოვი ვერ ენდობა რუსეთის რეჟიმს, რომელიც ზოგს კლავს, ზოგს კი სინათლისა და სითბოს გარეშე ტოვებს და რაც არ უნდა ძნელი იყოს, გააგრძელებს სვლას თავისუფალი სამყაროსკენ.

„რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა. რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ხალხს, ანგრევს საცხოვრებელ კორპუსებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინაში თავდასხმები გრძელდება, ნანგრევებიდან დაჭრილები ამოჰყავთ, ადამიანები გლოვობენ გარდაცვლილ ახლობლებს. ხალხის სიცოცხლის უკან დაბრუნება შეუძლებელია. მაგრამ ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება აღდგეს. ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ და ისევ გვექნება შუქი. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს ამ მიმართულებით“, — აცხადებს მაია სანდუ.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელმა სარაკეტო დაბომბვამ გამოიწვია ყველა ატომური სადგურის, თბო და ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობის დროებითი გათიშვა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება მალე აღდგეს, ამას დრო დასჭირდება. მაგრამ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინელების დაშინებას. უკრაინელებს სიცივის არ ეშინიათ. უკრაინელებს სიბნელის არ ეშინიათ. უკრაინელებს არ ეშინიათ ტერორისტების. ჩვენ მათ ვამარცხებთ ერთობლივი ძალისხმევით“, — ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

გარეკანის ფოტო: კიევი ელექტროენერგიის გარეშე, Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი