საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება ერთი აქტორის მიერ ვერ იქნება უზრუნველყოფილი და საჭიროა საერთო კონსენსუსი.
ამის შესახებ ჰერჩინსკიმ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ დისკუსიაზე განაცხადა.
„ევროკომისიამ გამოაქვეყნა 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი არის შემდგომი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს 12 პრიორიტეტი ფარავს საკითხების სპექტრს, რომელიც უნდა შესრულდეს. სრულიად ნათელია, რომ ეს 12 პრიორიტეტი მხოლოდ ერთი აქტორის მიერ ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მთელ საქართველოზე, მთელ ქართულ საზოგადოებაზე არის დამოკიდებული, რომ მიაღწიოს კონსენსუსს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მრავალფეროვანი საზოგადოებრივი დიალოგის გზით“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მისივე თქმით, საშინაო დავალება 12 რეკომენდაციის სახით საქართველოს შესასრულებელია, ამასთნ, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს პოლიტიკური ელიტის კონსენსუსის უნარი ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა — ინსტიტუტის, სადაც გადაწყვეტილებები ერთხმად, კონსენსუსის საფუძველზე მიიღება.
„პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ეს არის გზავნილი მთავრობისთვის და ასევე, ოპოზიციამ კონსტრუქციული მონაწილეობა უნდა მიიღოს პროცესში. შემდეგ მნიშვნელოვანია იმპლემენტაცია. მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არ არის“, — დასძინა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ სულ რაღაც ერთი-ორი წლის წინ ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო საქართველოსთვის — ევროპული პერსპექტივის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭება და პირადად მას სხვადასხვა პლატფორმებზე უწევდა ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. ჰერჩისნკის თქმით, ევროკავშირში ტრიოს ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული მისწრაფებების აღიარებაზეც კი ჭირდა კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ ყველაფერი შეცვალა რუსეთის არაპროვოცირებულმა ომმა უკრაინაში.
„ყველა ჩვენგანი ევროპაში ათვიცნობიერებს, რომ ეს სასტიკი ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინას. ეს გვეხება ყველას. ეს ეხება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც შევქმენით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამიტომაც ჩვენმა ლიდერებმა ივნისში მიიღეს გაბედული გადაწყვეტილება, რომელსაც სასწაული ვუწოდე. რაც შეეხება ასოცირებულ ტრიოს — დადექით ერთად! მით უმეტეს, თუ შენ ხარ საქართველო, რომელმაც ცოტა ხნის წინ სამი ომი გაიარე რუსეთთან, დადექით ერთად და ისარგებლეთ უპირატესობით, რომელიც გაქვთ; რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უკრაინის მიმართ და იყავით ამის ნაწილი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მისივე თქმით, გეოპოლიტიკა ყოველთვის იყო არგუმენტი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ვინაიდან ქვეყანას არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ეს დისკუსია ერთხელ და სამუდამოდ დახურულია.
ევროკომისიამ საქართველოს განუსაზღვრა 12 პირობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რეკომენდაციებს შორის დასახელებულია „დეოლიგარქიზაცია“, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა და ა.შ.
რა პირობებს უყენებს EU საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად – სია