ახალი ამბები

ჭიათურის მერიამ ითხვისელებთან შევხედრაზე მედია და NGO-ები არ დაუშვა

15 ნოემბერი, 2022 • 762
ჭიათურის მერიამ ითხვისელებთან შევხედრაზე მედია და NGO-ები არ დაუშვა

ჭიათურის მერიაში მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზარალებული სოფლის, ითხვისის მოსახლეობასთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დასწრების საშუალება არ მისცეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის სალომე შუბლაძის თანახმად, მერიაში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობა, რომელთა სახლები და ნაკვეთებიც სოფელში მიწის ჩაქცევის გამო დაზიანდა ან დიდი საფრთხის წინაშეა, ღირსეულ კომპენსაციას ითხოვს.

მისი განცხადებით, მერიის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა დაატოვებინეს, მედიის წარმომადგენლები კი საერთოდ არ დაუშვეს შეხვედრაზე.

შეხვედრაზე დასწრების საშუალება, გარდა სოციალური სამართლიანობის ცენტრისა, ასევე არ მისცეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ჭიათურის“ წარმომადგენლებსაც.

მანამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ ადგილობრივთა საპროტესო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის:

  • მოსახლეობას ნათლად და გასაგებად უნდა განემარტოს კომისიის მუშაობის შედეგები, მათ შორის, როგორ მივიდნენ კომისიის წევრები იმ დასკვნამდე, რაც შეფასებაშია მოცემული და მოგვეცეს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა;
  • გადაიდგას ნაბიჯები სოფლის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • შემუშავდეს გეგმა მოპოვებით დაზარალებული მოსახლეობის სათანადო კომპენსირების და გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად.

სოფელი ითხვისი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც 2022 წლის გაზაფხულზე მიწა ჩაიქცა, რის გამოც სოფელში მდებარე სახლები და მიწის ნაკვეთები დაზიანდა.

მიწის ჩაქცევის მიზეზების დამდგენმა კომისიამ, რომელიც მთავრობამ დააკომპლექტა, დაასკვნა, რომ მარტში ითხვისში მიწის ჩავარდნა გამოწვეული იყო სამი ძირითადი ფაქტორით:

  1. საკვლევ ტერიტორიაზე არსებული, გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მიწისქვეშა სამთო-გამონამუშევარებით შექმნილი სიცარიელეები (ანთროპოგენური ზემოქმედება);
  2. ამგები ქანების არამდგრადი ხასიათი;
  3. უხვი ატმოსფერული ნალექები.

ანგარიში არ/ვერ ადგენს შესაძლო კავშირს „ჯორჯიან მანგანეზის“ რაიმე საქმიანობასა და 2022 წლის მარტის ჩაქცევებს შორის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი