საზოგადოება

„შესაძლოა მეწყრული პროცესები გაძლიერდეს“ – რა ხდება ითხვისში

1 აპრილი, 2022 • 3189
„შესაძლოა მეწყრული პროცესები გაძლიერდეს“ – რა ხდება ითხვისში

თითქმის ერთი კვირაა, ჭიათურის სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა, გზები, გორაკები და მიწის მასიური ფენები იყოფა.

მეწყრულ პროცესებს ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირებს.

ამ მოსაზრებას სპეციალისტებიც იზიარებენ. საკამათო მხოლოდ ის არის, მიუძღვის თუ არა ბრალი სოფლის ნგრევაში უშუალოდ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ და გამოწვეულია თუ არა ეს პროცესები მოპოვებითი სამუშაოებით ბოლო პერიოდში.

მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ სწორედ რისკების გამო აღნიშნულ უბანზე მანგანუმს არ მოიპოვებს.

მერიის თანახმად, ადგილზე ვითარებას ექსპერტები სწავლობენ. დაზარალებულების ბედი, გრძელვადიან პერსპექტივაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოსახლეობა შესაძლოა ახალი რისკის წინაშეც ამოჩნდეს.

რა ხდება სოფელში

სოფელ ითხვისის (ზემო ითხვისის უბნის) მცხოვრებლების თქმით, 17 მარტიდან არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, ხოლო 25 მარტიდან წყლით მომარაგებაც შეუწყდათ.

ადგილობრივების თქმით, ბზარები ადრეც ჩნდებოდა, თუმცა დაახლოებით ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ვითარება დამძიმდა: სახლებს ბზარები მოემატა.

ჟურნალისტის, გამოცემა OC Media-ს რედაქტორის, მარიამ ნიკურაძის მიერ ითხვისში გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მიწის გაყოფისა და გადაადგილების შედეგად, სახლები ჩამონგრეულია.

ამასთან, ნიადაგზე ღრმა ნაპრალებია გაჩენილი. მაგალითად:

ჭიათურელი აქტივისტის, ნოდარ ჩაჩანიძის თანახმად, მეწყრული პროცესები 2-3 უბანში მიმდინარეობს – მეგრელიშვილების და მახათაძეების უბნებში.

ამ დროისთვის, ადგილობრივების თანახმად, დანგრეულია 22 სახლი.

ჭიათურის მერიის პრესცენტრში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „ყველაზე მეტად დაზარალებულია 17 ოჯახი“.

ამ 17 ოჯახს, პრესცენტრის ცნობითვე, მერია ალტერნატიული ფართით დროებით უზრუნველყოფს.

უწყების თანახმად, იმ ტერიტორიაზე, – სადაც მეწყრული პროცესები ვითარდება, – 95 ოჯახი ცხოვრობს.

იმის ფონზე, როდესაც სპეციალისტები მეწყრული პროცესების განვითარების რისკზე საუბრობენ, სავარაუდოდ, ეს ოჯახებიც არიან რისკის ქვეშ.

შესაძლოა, პროცესი გაძლიერდეს

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მერიაში განიხილავენ რისკს, რომ მეწყრული პროცესები გაგრძელდება და უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს სახლს. ჭიათურის მერმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გეოგრაფი, გეომორფოლოგი, თსუ-ს პროფესორი გიორგი დვალაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში რისკებზე საუბრობს:

„დასახლებულ პუნქტში არსებულ ტერიტორიაზე მოსახლეობას აღარ აქვს თავშესაფარი. როგორც მე იქიდან გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალიდან ვასკვნი, იქ არათუ ღამისთევა, არამედ ფიზიკურად შესვლა, გაჩერება [არ შეიძლება], თუნდაც მკვლევრის მისვლა სპეციალური აღჭურვილობით არის საჭირო. უმრავლეს შემთხვევაში, – მთლიან სოფელზე არ ვამბობ, – რამდენიმე სახლზე, გარკვეულ პერიმეტრზე დგომაც კი რისკის შემცველია, რთულია და საშიშია. და ცხოვრებაც ყოველწამიერად რისკის შემცველია“, – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ მეწყრული პროცესები შესაძლოა გაგრძელდეს:

„თავისთავად, ეს პროცესი არ არის ისეთი, რომ რკინა-ბეტონით ან რაიმე საშუალებით შეჩერდეს. როცა ასეთი პროცესი იწყება, მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია და მასშტაბებიც, როგორც ვხედავ, არ არის ლოკალური და რამდენიმე ერთეული კვადრატის ფართობზე. ის საკმაოდ დიდია. [არ მაქვს მოლიდინი],  გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუნდაც მიმდინარე კვირაში დასტაბილურდეს. სტაბილიზაცია ასეთ სტიქიურ პროცესებს არ ახასიათებს. არ ახასიათებდა არც 1989 წელს, როდესაც მთავარი ჩაქცევები დაიწყო… არ არის გამორიცხული, მეწყრული პროცესები დიდ ფართობზე და ინტენსიურად განვითარდეს“.

„კლდეები ჩამოიშალა“

ითხვისის ერთ-ერთი მცხოვრები, შორენა გოგატიშვილი (ის არ არის უშუალო დაზარალებული, თუმცა, მეუღლესთან ერთად, დაზარალებულებს დახმარებას უწევს) ამბობს, რომ სოფელში „საშინელი მდგომარეობაა“:

„ეს ოჯახები საშინელი მდგომარეობაში არიან. ნაკვეთები გაიხსნა. ბზარები კი არა, ღრმულები გაჩნდა. ძალიან მძიმე ვითარებაა, სიტყვებით ვერც აღვწერ. უარესი და უარესი ხდება. კლდეები ჩამოიშალა, გზებსა და სახლებზე აღარ ვსაუბრობ.

ნაპრალს ვერ დავარქმევ მაგას, მთლაიანდ წყდება კლდეები და მიდის. მთლიანად იძირება ნაგებობები მიწაში. აქ ცხოვრება არის შეუძლებელი. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ სრული ინფორმაცია არა გვაქვს… როგორც ვიცით, სწავლობენ ახლა და გვაქვს იმედი, რომ ყველაფერში გაგვარკვევენ, რა და როგორ.

ჩვენს ოჯახს ღამით აქ არ გვძინავს. იმ 17 ოჯახს, რომელიც ყველაზე მეტად იყო რისკის ქვეშ და საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფენ, კიდევ დაემატა ოჯახები, როგორც ვიცი. ამ 17 ოჯახს ზემოთ კიდევ არის მეგრელიშვილების დასახლების ნაწილი. მთები რომ იშლება, მოყვება ის სახლები და როგორც ვულკანი ამოიფრქვევა, ასეთ მდგომარეობაშია ნაკვეთები“, – გვიამბობს იგი.

სოფლის მოსახლეობა ამ ყველაფერს უკავშირებს „ჯორჯიან მანგანეზს“ – მსხვილ კომპანიას, რომელიც წლებია, ჭიათურაში მანგანეზს მოიპოვებს.

მაგალითად, შორენა გოგატიშვილი გვეუბნება: „ეს ყველაფერი მაღარომ გამოიწვია. 100%-ით ასეა“, – ამბობს იგი.

„მთლიანად დაინგრა სოფელი. ეს [ბუნებრივი] მეწყერი არ არის. ეს არის მანგანუმის მოპოვებით გამოწვეული [პროცესი]. მეწყრული პროცესი მას შემდეგ განვითარდა, რაც თოვლმა დნობა დაიწყო“, – ამბობს გოგატიშვილი.

მანგანეზი: „არ ვაწარმოებთ სამუშაოებს“

თუმცა „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ ბრალდებას უარყოფს.

„კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ, დასახლებულ პუნქტებზე წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს“, – განაცხადა 31 მარტს კომპანიამ.

განცხადებაში კომპანია ასევე წერს, რომ ჭიათურაში 2007 წლიდან ოპერირებს, ხოლო იქ, სადაც დღეს პრობლემაა შექმნილი, „სხვადასხვა გეოლოგიური პროცესები ჯერ კიდევ 2000-იან წლებში განვითარდა“.

„სწორედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, „ჯორჯიან მანგანეზს“ [ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე] საერთოდ არ უწარმოებია მადნის მოპოვებითი სამუშაოები“, – აცხადებს კომპანია.

„მოცემული პრობლემატიკა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ძველი, 80-90 იან წლებში წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოებით, რასაც თან ახლდა სხვა გეოლოგიური პროცესები, რაც დამატებითი შესწავლის საგანია“, – წერს კომპანია.

ჭიათურის მერიის პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ უპასუხეს „ნეტგაზეთის“ კითხვას, მათი ინფორმაციით, უკავშირდება თუ არა მეწყრული პროცესები „ჯორჯიან მანგანეზის“ ბოლოდროინდელ საქმიანობას და გვითხრეს, რომ ამ საკითხის შესასწავლად ექსპერტები არიან ჩამოსულები.

„გეოლოგები არიან ჩამოსულები გარემოს ეროვნული სააგენტოდან, დღესაც ჩამოსულები არიან; ადგილზე იმყოფება რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გუბერნატორი. მერიც იქ იმყოფება“, – გვითხრეს მერიაში.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ თავადაც არის დაინტერესებული, „სახელმწიფოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნოს დასკვნა, თუ რამ გამოიწვია სოფელ ითხვისში მოსახლეობის დაზარალება, რომ დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა“.

“იმის გათვალისწინებით, რომ ჭიათურაში მსგავსი კვლევები აქამდე არაერთხელ გამხდარა უთანხმოების საგანი, მნიშვნელოვანია, ის დამოუკიდებელმა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტებმა ჩაატარონ”, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“,  ორგანიზაცია, რომელიც ჭიათურის საკითხზე წლებია მუშაობს.

„სისტემური საფრთხე“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმადვე, ჭიათურის სხვადასხვა სოფლებში უკვე წლებია მსგავსი პროცესი ვითარდება, თუმცა არცერთ ასეთ შემთხვევას სისტემური ცვლილება არ მოჰყოლია.

მაგალითად, 2020-21 წლებში სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, რომლის საცხოვრებელი სახლებიც ასევე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა, მთავრობის ყურადღებას ითხოვდა.

ყველაზე მძიმე პერიოდი შუქრუთელებისთვის 2021 წლის მაის-ივნისი იყო, როდესაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს – მათ პირები ამოიკერეს და შეერთებული შტატების საელჩოსთან მივიდნენ, იქნებ ასე მაინც მოგვაქციოს ყურადღება ვინმემ და შესაფერისი კომპენსაცია გადაგვიხადონო.

შუქრუთელების პროტესტი დასრულდა გარკვეული შეთანხმებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“, თუმცა, სპეციალისტების თანახმად, პრობლემა არ გამქრალა.

„იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჭიათურაში ქონების დაზიანება და საცხოვრებელი გარემოს ხელყოფა არა რომელიმე სოფლის ცალკეული პრობლემა, არამედ საზიარო, სისტემური საფრთხეა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).

„ამ დრომდე არ არსებობს განსახლებისა და კომპენსაციის სტანდარტი, რომელიც საფრთხის შემცველ ზონაში მცხოვრებლებს გამოავლენდა, მომპოვებელ კომპანიას მათი სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილებას მოსთხოვდა, ხოლო დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების სამართლიან წესს დაადგენდა“, – აცხადებს ორგანიცაზია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე მიუთითებს, რომ უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფისა და სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, „აუცილებელია ქონების დაზიანების გამომწვევი მიზეზების ობიექტური შესწავლა და მასზე შესაბამისი პასუხისმგებლობის გამოვლენა“.

ითხვისის გეოგრაფია

სპეციალისტები ამბობენ, რომ უდავოა, ჭიათურაში განვითარებული პროცესები მანგანუმის მოპოვებას უკავშირდება, თუმცა კვლევის საკითხია, უკავშირდება თუ არა ეს პროცესები უშუალოდ „ჯორჯიან მანგანეზის“ ბოლოდროინდელ საქმიანობას.

ამ კავშირის ასახსნელად ითხვისის გეოგრაფიასა და ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ისტორიას უნდა გადავავლოთ თვალი.

ხედი ქვემო ითხვისისკენ მიმავალი საბაგიროდან. ფოტო: Urbex

ჭიათურაში მანგანუმი 1847 წელს აღმოაჩინეს, მადნის მოპოვება კი 32 წლის შემდეგ, 1879 წელს დაიწყო.

გეოგრაფი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი გვეუბნება, რომ მადნის მოპოვებას 143 წლის განმავლობაში (მოპოვების დაწყებიდან დღემდე) არაერთი სოფლის დაარსება, ზოგ შემთხვევაში აღორძინება, ზოგჯერ კი პირდაპირი დანგრევა და მოსახლეობის მიგრაცია მოჰყვა.

რაც შეეხება სოფელ ითხვისს, – ჭიათურის ერთ-ერთი ყველაზე ძველ დასახლებულ პუნქტს, რომელიც მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს მდებარეობს, – დვალაშვილის მოძიებული მასალების თანახმად, აქ 1952 წლიდან დაიწყეს მადნის ღია წესით მოპოვება, 1957 წელს კი „ახალი ითხვისის“ მაღაროს კომპლექსი გაიხსნა [მანგანუმს ჭიათურაში მოიპოვებენ როგორც მიწისქვეშა წესით (მაღაროებში), ასევე ღია კარიერული წესით].

„სოფლის მიწისქვეშა შრეებიდან ამოიღეს ასეულობით ტონა მადანი, რამაც სახლების, წყაროების, საკულტო ნაგებობების, სასმელი წყლების დაზიანება და ათეული ჰექტარი მიწის დამეწყვრა გამოიწვია“, – ამბობს დვალაშვილი „ნეტგაზეთთან“.

გიორგი დვალაშვილის თანახმად, საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი მძიმე პერიოდი ითხვისისთვის იყო 1989 წელი, როდესაც სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეულ ჰექტარზე განვითარდა მეწყერი.

„განვითარდა საშიში პროცესები, გაუსაძლისი გახდა ზოგ ადგილებში ცხოვრება, რასაც მოჰყვა მოსახლეობის გადასახლება და, სამწუხაროდ, დიდი ფართობის დანგრევა, ასევე, ვაზის უნიკალური ჯიშისა და მიკროზონის განადგურება. ჩვენი ინფორმაციით, ითხვისში [1989 წელს] იყო ადამინის მიერ შექმნილი, ადამიანის მიერ გააქტიურებული ყველაზე დიდი მეწყერი მთელ საქართველოში“, – ეუბნება იგი „ნეტგაზეთს“.

რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე პროცესს, დვალაშვილი ამ საკითხზე სიფრთხილეს გვირჩევს და ამბობს, რომ ეს საკითხი შესწავლასა და კვლევას საჭიროებს.

სად არის ახლა მეწყერი

ამჟამად მეწყრული პროცესები ვითარდება ზემო ითხვისში. ამ უბნისგან მოშორებით მდებარეობს ქვედა ითხვისის მაღაროს შესასვლელი, რომელიც ამჟამად აქტიურია და „ჯორჯიან მანგანეზი“ ამუშავებს.

„ნეტგაზეთმა“ გიორგი დვალაშვილს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა გავლენა ჰქონოდა ქვედა ითხვისის მაღაროში მოპოვებით სამუშაოებს ზემო ითხვისზე და იქ მეწყერი გამოეწვია. გეოგრაფმა გვიპასუხა:

„ამის უარყოფა არ იქნება მართებული, მაგრამ დასაბუთებაც რთულია. ამას სჭირდება დასაბუთება. მაღარო, რომელიც ქვედა ითხვისშია, რასაკვირველია, ათწლეულების წინ ოპერირებდა იმ ადგილებში, სადაც დღეს ჩაქცევა მოხდა. ეს ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. სწორედ ქვედა ითხვისიდან შედიოდნენ ამ ადგილასაც. ასევე, იქ შედიოდნენ შუქრუთის მაღაროდან. თუმცა იმ მაღაროს მუშაობა დღეს მაგ მიმართულებით, მაგ უბანზე თუ არის, ეს ნაკლებად სავარაუდოა. შეუძლებელია, 3-4 მეტრის ჩაქცევა განვითარდეს მუშა პროცესში მყოფ მაღაროში. არსებული მეწყრის სიმაღლე ბევრად აღემატება გვირაბის სიმაღლეს“.

გიორგი დვალაშვილის თქმით, თუკი ახლო წარსულშიც ხდებოდა მაღაროს აღნიშნულ უბანზე მოპოვება, ეს, შესაძლოა, კავშირში იყოს განვითარებულ პროცესებთან, თუმცა ამას „არგუმენტირებულად ვერავინ იტყვის, თუ არ გვექნა დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე მადნის მოპოვება ხდებოდა“.

რას ამბობენ ადგილობრივები

შუქრუთის მკვიდრი შორენა გოგატიშვილი „ნეტგაზეთს“ უამბობს, რომ მანგანუმს ითხვისში ღია კარიერული წესითაც მოიპოვებდნენ, თუმცა მოსახლეობის პროტესტის შემდეგ მოპოვება შეწყდა, თუმცა „მაღაროში რა ხდება, მაგას ვერავინ გაიგებს“.

„ჩუმად არიან შემოსულები შუქრუთის მაღაროდან. მტკიცებულებას ველით ახლა, ზუსტ დასკვნას. თუმცა ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასე მოხდა,  რომ „მანგანუმისგან“ არის ეს ყველაფერი გამოწვეული“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს ითხვისის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ „ჯორჯიან მანგანეზის” ლიცენზიის ფარგლებში მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოები.

„მიმდინარე მოპოვების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს „ჯორჯიან მანგანეზის” და/ან მისი ქვეკონტრაქტორების საქმიანობა სოფლის ტერიტორიაზე და მის მახლობლად“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მართალია, „სოფელთან, მოშორებით“, არსებობს მაღარო, რომელიც ეკუთვნის კომპანიას, თუმცა ის „საერთოდ არ არის კავშირში ამ დასახლებულ პუნქტთან“ და „დასახლებულ პუნქტებზე კომპანია არ აწარმოებს არანაირ მოპოვებით სამუშაოებს“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, აწარმოებს თუ არა სამუშაოებს რომელიმე „კოოპერატივი“ ან მესამე მხარე, კომპანიაში გვითხრეს: „რაც შეეხება თქვენს კითხვას, სხვის ნაცვლად ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკეთებთ კომენტარს“.

გარეკანის ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

მასალების გადაბეჭდვის წესი