ახალი ამბები

ჩაქცევა გამოიწვია XX საუკუნეში მოპოვებით შექმნილმა სიცარიელემ, ქანების არამდგრადობამ და ნალექმა – დასკვნა ჭიათურაზე

19 ოქტომბერი, 2022 • 855
ჩაქცევა გამოიწვია XX საუკუნეში მოპოვებით შექმნილმა სიცარიელემ, ქანების არამდგრადობამ და ნალექმა – დასკვნა ჭიათურაზე

ჭიათურის სოფელ ითხვისში მიწის ჩაქცევის საკითხზე 15-წევრიანმა სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დაასკვნა, რომ მარტში ითხვისში მიწის ჩავარდნა გამოწვეული იყო სამი ძირითადი ფაქტორით:

  1. საკვლევ ტერიტორიაზე არსებული, გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მიწისქვეშა სამთო-გამონამუშევარებით შექმნილი სიცარიელეები (ანთროპოგენური ზემოქმედება);
  2. ამგები ქანების არამდგრადი ხასიათი;
  3. უხვი ატმოსფერული ნალექები.

ანგარიში არ/ვერ ადგენს შესაძლო კავშირს „ჯორჯიან მანგანეზის“ რაიმე საქმიანობასა და 2022 წლის მარტის ჩაქცევებს შორის.

„ამ სამი ფაქტორის ერთობლიობამ პროვოცირება გაუკეთა სოფელ ითხვისში 2022 წლის მარტის თვეში, კერძოდ, სოფლის ცენტრალური გზის ზედა მხარეს ტერიტორიის ამგები ქანების 12-15 მეტრ სიმაღლის ჩაქცევას“, – წერია ანგარიშში, რომელიც 2022 წლის 10 ოქტომბრით თარიღდება.

ანგარიშis მიხედვით„კომისია მივიდა მოსაზრებამდე, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მომზადებული დასკვნა სწორად აკეთებდა აქცენტს:

  1. ანთროპოგენურ ფაქტორზე – საკვლევ ტერიტორიაზე გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში განხორციელებული მადნის მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოების შედეგად გამომუშავებულ სივრცეში ჭერის ჯდენის პროცესზე;
  2. საკვლევი ტერიტორიის რთულ გეოლოგიურ პირობებზე (ამგები ქანების ნაირსახეობაზე, მათი გამოფიტვისა და დანაპრალების მაღალ ხარისხზე;
  3. მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებზე“…

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ სამთავრობო სტრუქტურები და თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, ასევე, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი.

კომისიის თავმჯდომარე ანდრო ასლანიშვილი იყო, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი.

მკვლევრები წერენ, რომ საველე გასვლებისას „მოსახლეობისგან მუდმივად მიმდინარეობდა ინფორმაციის მიღება, რა დროსაც ხშირად ხდებოდა აპელირება იმაზე, რომ სოფლის ქვემოთ რჩენა მიწისქვეშა სამთო-გამონამუშევარების შედეგად დარჩენილი სიცარიელეები“, თუმცა იქვე ციტირებენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც ამბობს, რომ „2007 წლამდე განხორციელებული სამთო სამუშაოების შედეგად გამოწვეულ უძრავის ქონების დაზიანებაზე კომპანია ვერ იქნება პასუხისმგებელი“.

ავტორების თქმით, კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო „დამატებითი შესაძლო მიწისქვეშა სიცარიელეების გამოვლენა“, თუმცა, სხვადასხვა მეთოდებით კვლევის შემდეგ, ავტორები წერენ, რომ „დასახულ სეისმურ ჭრილზე (105 მეტრ სიღრმემდე) ანომალიური უბნები არ გამოიკვეთა“.

მეწყრულ პროცესებს ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირებდა. ამ მოსაზრებას სპეციალისტებიც იზიარებდნენ, თუმცა საკამათო ის იყო, მიუძღოდა თუ არა ბრალი სოფლის ნგრევაში უშუალოდ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ და გამოწვეული იყო თუ არა აღნიშნული პროცესები მოპოვებითი სამუშაოებით ბოლო პერიოდში.

ახალ ანგარიშს „ჯორჯიან მანგანეზის“ კავშირი არ გამოუკვეთია.

ნახეთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი