ახალი ამბები

ჭიათურაში,ითხვისში, მიწა სკდება და სახლები ინგრევა

28 მარტი, 2022 • 2619
ჭიათურაში,ითხვისში, მიწა სკდება და სახლები ინგრევა

ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ ითხვისში მეწყრული პროცესები მიმდინარეობს, რამაც სახლებისა და გზების დაზიანება გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, ნიადაგი მოძრაობას კვლავ განაგრძობს, რის გამოც მათთვის იქ ცხოვრება უსაფრთხო არ არის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში დამძიმდა, კერძოდ, სახლებს მოემატა ბზარები და ნიადაგზე გაჩნდა მკვეთრი ნაპრალები. მათი თქმით, დაინგრა რამდენიმე სახლიც.

ითხვისის მაცხოვრებლების თქმით, ერთი დღეა რაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, ხოლო სამი დღეა შეწყვეტილია წყლით მომარაგება.

ჩამონგრეული და დაბზარული გზები ითხვისში. FB/გიორგი მახათაძე

ადგილობრივის თქმით, სურათზე გამოსახული სახლი რამდენიმე დღის წინ დაინგრა
ფოტო: FB/გიორგი მახათაძე

ადგილობრივები ტელეკომპანია “ფორმულასთან” აცხადებენ, რომ რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა სოფელი, დარჩენილებს კი ეშინიათ, რომ სახლში ყოფნისას შენობა დაინგრევა:

“[სახლს] უკან აწვება წყალი, სარდაფები სავსეა წყლით. საცოდავად ვსხედვართ. არც ღამეა ჩვენთვის და არაფერი. ყველაფერი დატყდა, რაც შეიძლება, წყალში ვცურავთ… ტელეფონების მეშვეობით ვუკავშირდებით ერთმანეთს- “რას შვრები, რა მდგომარეობაში ხარ”. ძილი არა, ჩაცმულები ვსხედვართ, რომ გამოვვარდეთ გარეთ და არ შეგვცივდეს”, – უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელეკომპანია “ფორმულას”.

ითხვისის მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ეს პროცესები არის სოფლის ქვეშ მანგანუმის მოპოვებისთვის მაღაროს გათხრის შედეგი. “ნეტგაზეთი” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.

მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დავკავშირებოდით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს”. კომპანიის პრესსამსახურში უარყვეს ინფორმაცია ითხვისის ქვეშ ან მიმდებარედ მანგანუმის მოპოვების შესახებ და თქვეს, რომ ადგილზე მოკვლევა დაიწყეს, რის შემდეგაც განცხადებას გაავრცელებენ.

რაც შეეხება მერიის პოზიციას, პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მათი წარმომადგენლები ვითარების შესასწავლად სოფელ ითხვისში არიან წასული. თავად მერმა, გივი მოდებაძემ “ნეტგაზეთის” ზარებს არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი