არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ითხოვს, მთავრობამ „განიხილოს მოსახლეობის მოთხოვნები ჭიათურაში სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ“ და დააკმაყოფილოს ადგილობრივთა სამართლიანი მოთხოვნები.
ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ითხვისის მოსახლეობამ 4 ნოემბერს წერილობით მიმართა შესაბამის უწყებებს და შეხვედრა ითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, უწყებათაშორისი კომისიისა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებთან.
„მოსახლეობის კოლექტიური განცხადება ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის დასკვნას, რომელიც მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მომზადდა, თუმცა საზოგადოების ნაწილისათვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ხელმისაწვდომი, და რომელმაც სახელმწიფოსგან არაერთი დამატებითი ჩარევის საჭიროება გამოკვეთა, მათ შორის, სიღრმისეული გეოლოგიური კვლევების, სოფლის მოსახლეობის განსახლებისა და ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებებით.
ვინაიდან მოსახლეობას კომისიის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა არ ჰქონია და პროცესი ამ დრომდე უკიდურესად გაუმჭვირვალეა, ადგილობრივებისთვის მთავრობის შემდგომი ნაბიჯების შინაარსი კვლავ ბუნდოვნად რჩება. მათ შორის, გაურკვეველია, როგორი იქნება სახელმწიფოს რეაგირება მოსახლეობის განსახლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიყენებული ზიანის შეფასების მეთოდოლოგიისა და კომპენსაციის ოდენობის კუთხით“, – წერია ორგანიზაციის მიერ 8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის თანახმად, წერილის გაგზავნის შემდეგ ითხვისელმა 35-მა ოჯახმა ჭიათურის მერიისგან ქირით დროებით გაყვანის შესახებ შეთავაზება მიიღო.
„სავარაუდოდ, ეს ის ოჯახებია, რომლებიც უწყებათაშორისი კომისიამ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ კატეგორიას მიაკუთვნა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ვადით მოხდება მათი დაკმაყოფილება ქირით და რა ბედი ეწევათ მათ ქირის შეწყვეტის შემდგომ, აუცილებელია მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს მეტი სიცხადე და ადგილობრივებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზების შესახებ, რათა მოსახლეობამ შეძლოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო, რომ საქმე შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც მათი საცხოვრისია. ამასთან, ბუნდოვანია, რა ბედი ეწევა საფრთხის წინაშე მდგომ სხვა შინამეურნეობებს – სულ მცირე, დამატებით 51 ოჯახს.
საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, მოსახლეობის მოთხოვნაა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს შეხვედრა უწყებათაშორის კომისიასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენელთან, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაწვრილებით განიხილონ კომისიის შეფასებაში მოცემული საკითხები და დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და გრძელვადიანი განსახლების მიმართულებებით“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, პრიორიტეტულად განიხილონ მოსახლეობის მიმართვა ჭიათურაში შეხვედრის ორგანიზების შესახებ და მიიღონ შესაბამისი ზომები ითხვისელების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ინტერესების დაცვასა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესის მონიტორინგს და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწოდებს ინფორმაციას ამ მიმართულებით განვითარებული მოვლენების შესახებ.
ჭიათურის სოფელ ითხვისში მიწის ჩაქცევის საკითხზე 15-წევრიანმა სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დაასკვნა, რომ მარტში ითხვისში მიწის ჩავარდნა გამოწვეული იყო სამი ძირითადი ფაქტორით:
- საკვლევ ტერიტორიაზე არსებული, გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მიწისქვეშა სამთო-გამონამუშევარებით შექმნილი სიცარიელეები (ანთროპოგენური ზემოქმედება);
- ამგები ქანების არამდგრადი ხასიათი;
- უხვი ატმოსფერული ნალექები.
ანგარიში არ/ვერ ადგენს შესაძლო კავშირს „ჯორჯიან მანგანეზის“ რაიმე საქმიანობასა და 2022 წლის მარტის ჩაქცევებს შორის.
