ახალი ამბები

ირანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც აქციის მონაწილის ხსოვნას პატივს მიაგებდნენ — BBC

3 ნოემბერი, 2022 • 946
ირანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც აქციის მონაწილის ხსოვნას პატივს მიაგებდნენ — BBC

ირანის უსაფრთხოების ძალებმა თეირანთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროტესტისას მოკლული ახალგაზრდა ქალის სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.

ძალოვნებმა სასაფლაო ჩაკეტეს და გზები ჩახერგეს, რათა მგლოვიარეები 22 წლის ჰადის ნაჯაფის საფლავამდე არ მიეშვათ.

ვიდეოებში ჩანს ათასობით ადამიანი, რომლებიც 3 ნოემბერს მაგისტრალის გავლით საფლავამდე მიღწევას ცდილობდნენ და ანტისამთავრობო შეძახილებს სკანდირებდნენ. როგორც BBC-ს წყაროებმა უთხრეს, პოლიციამ მათ სროლით უპასუხა.

“[უსაფრთხოების ძალები] საფანტის ტყვიებს ესროდნენ ხალხს… ერთი დემონსტრანტი მაჩეტეთი დაჭრეს მას შემდეგ, რაც საფანტის ტყვია მოხვდა და მიწაზე დაეცა”, — ციტირებს ტელეკომპანია შეტაკებების ადგილას მცხოვრებს.

“ხალხი მთავარ ქუჩაზე ყვიროდა “სიკვდილი დიქტატორს”. ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რომელიც სამეზობლოში გავრცელდა. ყელი მეწვის… ვცადე, ვიდეო გადამეღო ფანჯრიდან, მაგრამ ისროდნენ… შემეშინდა”, — აღნიშავს კიდევ ერთი მოქალაქე.

სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Tasnim წერს, რომ “მეამბოხებმა” სასიკვდილოდ დაჭრეს პროსამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფების, ბასიჯის წევრი.

ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ ესვრიან დემონსტრანტები ქვებს პოლიციის მანქანაში მსხდომ ოფიცრებს. კადრების მიხედვით, ავტომობილის მინები ჩამსხვრეულია, პოლიციელები კი დაშავებულნი არიან.

ხსენებული კადრების ნაწილი Tasnim-მაც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ  5 პოლიციელი დაშავდა “შეიარაღებული თავდამხმისას”.

თავის მხრივ, აქტივისტთა კოლექტივი 1500tasvir, რომელიც ასევე აქვენებს ადგილზე გადაღებულ ვიდეოებს, დასძენს, რომ პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა ქვები დაუშინეს ავტომობილს, რომელშიც ოფიცრები ისხდნენ.

ჰადის ნაჯაფი 21 სექტემბერს გავიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ქარაჯში. ოჯახის ინფორმაციით, მას უსაფრთხოების ძალებმა ესროლეს, 1 საათით ადრე კი მეგობარს ასეთი შეტყობინება გაუგზავნა:

“ვიმედოვნებ, რამდენიმე წელიწადში, როცა უკან მოვიხედავ, ბედნიერი ვიქნები იმით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა”.

ჰადის ნაჯაფი 

წყაროები მედიას ეუბნებიან, რომ უსაფრთხოების ძალები ოჯახს ცხედარს არ აძლევდნენ და უბიძგებდნენ მას, ეთქვა, რომ ახალგაზრდა ქალი არა ტყვიებს, არამედ გულის შეტევას შეეწირა.

გასულ კვირას ჰადისის დამ ოჯახის მხარდამჭერები ახალგაზრდა ქალის დაღუპვიდან მე-40 დღეს დაგეგმილ ცერემონიაზე დაპატიჟა. ეს თარიღი ირანელებისთვის კულტურულად მნიშვნელოვანია.

BBC ვარაუდობს, რომ ნაჯადის დას დაზვერვის სამინისტრომ აიძულა, პოსტი სოციალური ქსელიდან წაეშალა. ოჯახი გააფრთხილეს, არ გაემართათ არანაირი სამგლოვიარო ცერემონია და არავინ მიეწვიათ მასში მონაწილეობის მისაღებად.

მიუხედავად ამისა, ათასობით ადამიანმა შეძლო გზაზე განლაგებული ბარიერების გვერდის ავლა და ადგილამდე მიღწევა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება მოქალაქეთა დიდი ჯგუფი გზებზე.

მგლოვიარეები სკანდირებდნენ “სიკვდილი დიქტატორს” — სლოგანს, რომელიც ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს, ალი ხამენეის მეიმართება. ასევე ისმოდა შეძახილები “ეს შენ ხარ ბინძური და ამორალური, მე თავისუფალი ქალი ვარ” და “თითოეულ მოკლულ დემონსტრანტს 1 000 სხვა ჩაანაცვლებს”.

კადრებში ჩანს პოლიციის კაბინა და ავტომობილი, რომლებიც ცეცხლშია გახვეული. დემონსტრანტებმა ასევე დახიეს და დაწვეს შიიტი სასულიერო პირების შესამოსელი.

6 კვირაა, ირანში არ წყდება პროტესტი, რომელიც სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

ამინის დაღუპვის შემდეგ ირანში დაიწყო მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც საერთაშორისო მედიაში ფასდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.

“ეს არ არის პროტესტი რეფორმისთვის… ეს არის აჯანყება ისლამური რესპუბლიკის დასრულების მოთხოვნით. და ეს არის რაღაც სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც ადრე გვინახავს”, — ციტირებს CNN ლონდონის ეკონომიკის სკოლის ისტორიის ასოცირებულ პროფესორს, როჰამ ალვანდის.

დემონსტრაციები, რომლებიც ირანის საზოგადოების მრავალი სეგმენტის, მათ შორის, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობით ხასიათდება, ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში გაიშალა.

აქციების მონაწილეები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას. პროტესტის მონაწილე მრავალი ქალი საჯაროდ იხდის და წვავს თავსაბურავს, რომლის ტარებაც ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ, 1979 წლიდან სავალდებულოა.

ნორვეგიაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის “Iran Human Rights” თანახმად, უსაფრთხოების ძალებმა პროტესტის ჩახშობის მცდელობისას 277 ადამიანი, მათ შორის, 40 ბავშვი და 24 ქალი მოკლეს.

ირანის ხელისუფლება, როგორც წესი, უარყოფს მკვლელობებთან კავშირს და ამაში უცხო ქვეყნების მხარდაჭერილ “მეამბოხეებს” ადანაშაულებს. ორშაბათს სახელმწიფო გაზეთმა თქვა, რომ უსაფრთხოების ძალების 35 თანამშრომელი დაიღუპა “არეულობისას”.

3 ნოემბერს სახელმწიფო მედიამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ირანის სახმრეთ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში, რომელიც ძირითადად სუნიტი მუსლიმებითაა დასახლებული, შიიტური მეჩეთის სასულიერო პირი მოკლეს. პოლიციის თანახმად, საჯად შაჰრაქი უცნობი შეიარაღებულების სამიზნე გახდა.

სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში ზაჰედანში მძიმე შეტაკებები მოხდა უსაფრთხოების ძალებსა და ეთნიკურად ბელუჯ დემონსტრანტებს შორის, რასაც, უფლებადამცველთა თანახმად, სულ მცირე, 83 ადამიანი შეეწირა.

გაეროს წარმომადგენლის თანახმად, პროტესტის მიმდინარეობისას, ზოგიერთი გამოთვლებით, 14 000 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან უფლებადამცველები, სტუდენტები, ადვოკატები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მოკლული დემონსტრანტების დაღუპვიდან მე-40 დღეს გამართულ ცერემონიებს სხვადასხვა ქალაქში მრავალი მოქალაქე უერთდება, რასაც თან სდევს ანტისამთავრობო შეძახილები და პოლიციის წინააღმდეგობა.

სპარსულენოვანი და სხვა მედიასაშუალებები არაერთგზის წერენ მოკლული დემონსტრანტების ოჯახების დაშინებასა და შანტაჟზე ხელისუფლების მხრიდან.

ამავე თემაზე:

ვინ არიან დემონსტრანტები, რომლებსაც ირანში კლავენ

გარეკანის ფოტო: BBC/Twitter/mahsa alimardani

მასალების გადაბეჭდვის წესი