სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ანტიკორუფციულმა სააგენტომ, საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, 28 პირი დააკავა და მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი დანაშაულები მოიცავს:

  • ქრთამის აღებას
  • ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებას
  • ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას
  • სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სუს-ის ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა საქმეზე დაკავებულია სამი პირი, ხოლო თერთმეტს ბრალდება წარედგინა. გამოძიება ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში კერძო კომპანიების მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის ქსელებისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას დოკუმენტაციის გაყალბებასა და ათობით ათასი ლარის თაღლითურად მითვისებას.

ამასთანავე, გამოძიებამ დაადგინა, რომ პასუხისგებაში მიცემულმა რამდენიმე პირმა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის, განსხვავებული მარკისა და დაბალი ხარისხის სააღდგომო სურსათი და სადეზინფექციო საშუალებები მიაწოდა. აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფოს 669 497 ლარის ზიანი მიადგა.

მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა 7 პირს.

საქმე ეხება დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს წარმომადგენლების მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი 91 564 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლებას. მიყენებულმა ზარალმა, სუს-ის ცნობით, 378 804 ლარი შეადგინა.

სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტებზე სამ საქმეზე სამი პირი დააკავა. დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მერიების, ასევე ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეებისგან ქრთამი აიღეს სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის (ე.წ. დრაივის) განთავსების, საფუტკრე მეურნეობის მოწყობისა და კანონით აკრძალული მუხის ხის მოჭრა-გამოტანის მფარველობის სანაცვლოდ.

გარდა ამისა, ყალბი დოკუმენტების (მართვის მოწმობის, პასპორტისა და კერძო უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის დიპლომის) დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე დაკავებულია ოთხი პირი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის თაღლითობის (მუხლი 180), ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების (მუხლი 362), კომერციული მოსყიდვის (მუხლი 221), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა (მუხლი 332) და ქრთამის აღების (მუხლი 338) მუხლებით.