თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერების დევნის საქმეზე დღეს დაიკითხებიან „ნეიტრალური საქართველოს“ წევრები: ნანა კაკაბაძე, ბიძინა გიორგობიანი, ვატო შაქარიშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლაიშვილი.
ისინი ბრალდების მხარის მოწმეები არიან. სწორედ მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება.
პროცესის დაწყებამდე მედიასთან ვატო შაქარაშვილმა თქვა, რომ წარადგინეს „ძალიან ვრცელი მასალა“, რომელიც მოიცავდა ბრალდებულების საჯარო განცხადებებს, მათ ქმედებებს და „იყო მათ შორის გაბმული ლოგიკური ჯაჭვი“.
ის ამტკიცებს, რომ „საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედებს ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც ფინანსდება და დავალებებს იღებს ქვეყნის გარედან“.
„ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა… მტკიცებულებებია მთელი მათი საქმიანობა 25 წლის განმავლობაში… ჩვენ გვაქვს წარდგენილი ძალიან ვრცელი მასალა, მათი მოქმედებათა ჯაჭვი, დროში და სივრცეში მათი მოქმედებები რომ იყო კოორდინირებული, იმართებოდა ერთი ცენტრიდან, იყო ერთი სცენარი, რომელშიც აგენტურული ქსელის ყველა რგოლს ჰქონდა თავისი დავალება… აგენტურული ქსელი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, ეს იყო ე.წ. პოლიტიკური პარტიები, ეს იყო მედიები, NGO-ები, ეს იყო ცალკეული წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროების, რომლებიც იყო დაკოორდინირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული ქვეყნის გარედან“, – თქვა ვატო შაქარიშვილმა.
რაც შეეხება ლევან ნიკოლაიშვილს, მედიასთან კომენტარში მანაც დაადასტურა, რომ „მტკიცებულებებად“ წარდგენილი ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის მედიაში და სოციალურ ქსელებში.
„ყველაფერი გვაქვს შეჯერებული ფაქტებზე დაყრდნობით“, – თქვა მან.
სასამართლოში ამ საქმის განხილვა დაჩქარებულად მიმდინარეობს. ბრალდებულები და მათი ადვოკატები განაჩენს ამავე თვის ბოლოს, ან მაქსიმუმ აგვისტოში ელიან. 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დახურულ კარს მიღმა ასამართლებენ. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
„სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე“ – პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
რას ედავებიან ოპოზიციონერ ლიდერებს:
- მიხეილ სააკაშვილს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით.
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
- ელენე ხოშტარიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
- მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.
