საზოგადოება

ვინ არიან დემონსტრანტები, რომლებსაც ირანში კლავენ

13 ოქტომბერი, 2022 • 973
ვინ არიან დემონსტრანტები, რომლებსაც ირანში კლავენ

“ვიმედოვნებ, რამდენიმე წელიწადში, როცა უკან მოვიხედავ, ბედნიერი ვიქნები იმით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა”, — ოჯახის ცნობით, 22 წლის ირანელი დემონსტრანტი ჰადის ნაჯაფი მეგობრებისთვის ამ შეტყობინების გაგზავნიდან მალევე მოკლეს.

ისლამური რესპუბლიკის მესვეურებისა და სოციალურ-პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ ირანში მიმდინარე პროტესტს იმთავითვე შეუერთდა მრავალი ახალგაზრდა ქალი და კაცი, რომლებიც არ შეუშინდნენ ხელისუფლების ხისტ რეპრესიებს.

არაერთ მათგანს ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. უფლებადამცველთა თანახმად, აქციებზე დაღუპული ზოგიერთი პირი 18 წელსაც არ იყო მიღწეული.

ხელისუფლება ცდილობს, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის ცხედრებით ვაჭრობის გზით, გააჩუმოს ოჯახები, თუმცა მოკლული დემონსტრანტების შესახებ ცნობებს ვერ აკავებს; ისევე როგორც ვერ აჩერებს პროტესტს, რომელიც სხვადასხვა ფორმით მეოთხე კვირაა, მიმდინარეობს.

“ნეტგაზეთმა” შეაგროვა ინფორმაცია რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც, უფლებადამცველების, ოჯახებისა და სხვა წყაროების ცნობით, გასულ კვირებში, პროტესტისას დაიღუპნენ.

სარინა ისმაილზადე

სარინა ისმაილზადე ირანში ქალთა დისკრიმინაციაზე მანამდე ჩიოდა, სანამ ირანს საპროტესტო ტალღა მოიცავდა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ “შეუსაბამო ჩაცმულობის” ბრალდებით დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ.

მაისში გამოქვეყნებულ ვიდეოში სარინა დასძენდა, რომ მოზარდებს სჭირდებათ თავისუფლება, რათა კარგად იცხოვრონ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ “სპეციალურად ქალებისთვის დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის გამო”.

“ეს აღარ არის 20 წლის წინანდელი დრო, როცა ჩვენ გარდა არცერთი სხვა თინეიჯერი გვყავდა ნანახი… და ბუნებრივია, რომ შენ, როგორც ადამიანი, უკეთესი ვარიანტისკენ მიისწრაფვი”, — ამბობდა ფერად მაისურში გამოწყობილი სარინა ერთ-ერთ ვიდეოში.

სარინა ხალისიანი მოზარდი იყო, რომელიც აქტიურად უზიარებდა აუდიტორიას დეტალებს თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან: ვიდეოებში ის მღეროდა, ცეკვავდა, იკეთებდა მაკიაჟს, აცხობდა პიცას, სეირნობდა და ვარჯიშობდა.

სახალისო ვიდეოების კომენტარების ველში ადამიანები ახლა სამძიმრის წერილებს ტოვებენ. ცნობების თანახმად, სარინა 22 სექტემბერს თეირანთან ახლომდებარე ქალაქ ქარაჯში რამდენიმე მეგობართან ერთად გავიდა საპროტესტოდ, რის შემდეგაც სახლში არ დაბრუნებულა.

სარინა ისმაილზადე 

ორგანიზაცია Amnesty International-ის თანახმად, სარინა ისმაილზადე მას შემდეგ დაიღუპა, რაც სასტიკად სცემეს თავში ხელკეტებით. ამას უარყოფს ირანის ხელისუფლება, რომელიც მოზარდის დაღუპვას უკავშირებს სუიციდს და ამბობს, რომ იგი 5-სართულიანი შენობიდან გადმოხტა.

Washington Post-ის მიხედვით, სახელმწიფო მედიამ აჩვენა ინტერვიუ ისმაილზადეს დედასთან, რომელიც ამბობს, რომ მისმა შვილმა ერთხელ აბებით სცადა თვითმკვლელობა და ეთანხმება სარინას დაღუპვის იმ ვერსიას, რომელსაც მთავრობა ახმიანებს.

თუმცა, უფლებადამცველთა თანახმად, ირანში იძულებით ჩვენებების ჩაწერისა და შემდგომ მათი ეთერში გაშვების ხანგრძლივი პრაქტიკა არსებობს.

სარინა ისმაილზადეს დაღუპვის შემდეგ მისი ვიდეობლოგები ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელში. ვიდეომ, რომელშიც ჰოზიერის “Take Me to Church-ს” მღერის, ირლანდიელ მომღერლამდეც მიაღწია, რის შემდეგაც მან “ტვიტერზე” დაწერა:

“ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფლებებზე და არ გვესმის, რას ნიშნავს მისთვის ბრძოლაში მაქსიმალური ფასის გადახდა. ეს მამაცი გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო”.

მილან ჰაღიღი

Amnesty International-ის თანახმად, 21 სექტემბრის ღამით ირანში, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ქალაქ ოშნავიეში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო 21 წლის მილან ჰაღიღი, რომელიც იქ ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.

ეს მოხდა საპროტესტო აქციების დაწყებიდან მეოთხე დღეს. ნიდერლანდებში მოქმედი სპარსულენოვანი Radio Zamaneh-ის ინფორმაციით, მილანის მამამ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი შვილი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

“…ჩემი ვაჟი ერთ-ერთი იყო დემონსტრანტთა შორის, რომლებიც სკანდირებდნენ “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება” ოშნავიეს ქუჩებში”, — დასძენს სალიმ ჰაღიღი.

მისი თქმით, მილანს ერთი ტყვია მხარში ჰქონდა მოხვედრილი, ორი კი — ბარძაყში. დაღუპული ახალგაზრდის მამა ნორვეგიაში ცხოვრობს, თუმცა ირანში არიან მილანის ბიძა და ბებია, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებოდნენ დაჭრილი კაცის იქ გადაყვანის შემდეგ.

სალიმ ჰაღიღის თანახმად, საავადმყოფოში მილანის ბებია შეურაცხყვეს და არ აჩვენეს შვილიშვილის სხეული. ბიძამისი კი, რომელიც ძმისშვილის ცხედრის მიღებას შეეცადა, სცემეს და დააპატიმრეს.

მილან ჰაღიღი. ფოტო: Radio Zamaneh 

მილან ჰაღიღი 22 სექტემბერს დაკრძალეს. მამამისის თქმით, დაკრძალვისთვის ოჯახს მხოლოდ ერთი საათი მისცეს, დაემუქრნენ და უთხრეს, რომ არავინ უნდა დასწრებოდა ცერემონიას.

“ეს ყოველთვის იყო ისლამური რესპუბლიკის ამაზრზენი პოლიტიკა; როდესაც ისინი სიკვდილით სჯიან ან კლავენ ვინმეს, ასევე უპატივცემულოდ ეპყრობიან მოკლულის სხეულსა და მის ოჯახს”.

მილან ჰაღიღის მამა შვილს ასე იგონებს:

“დღევანდელი ახალგაზრდობა ძალიან განსხვავდება წინა თაობებისგან და მილანს, ისევე, როგორც დღევანდელ ახალგაზრდობას, ჰქონდა თავისუფლებისმოყვარე ხასიათი.

ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა, კვირაში ორ წიგნს კითხულობდა. კარგი ბავშვი იყო და ხალხს, ვინც მას იცნობდა, უყვარდა იგი”.

ნიქა შაქარამი

გოგო გადაბრუნებულ ურნაზე დგას და წვავს თავსაბურავს, რომლის ტარებასაც ისლამური რესპუბლიკა ავალდებულებს. იქვე შეკრებილი მოქალაქეები სკანდირებენ: “სიკვდილი დიქტატორს!”

დედის თანახმად, ეს 16 წლის ნიქა შაქარამია, რომელიც ხსენებული ვიდეოს გადაღებიდან რამდენიმე საათში გაუჩინარდა. ოჯახმა ცხედარს 10 დღის შემდეგ თეირანის ერთ-ერთ მორგში მიაგნო.

უკანასკნელ შეტყობინებაში, რომელიც მეგობარს გაუგზავნა, ნიქა ამბობდა, რომ უსაფრთხოების ძალებს გაურბოდა.

დაღუპულის დეიდა ამბობდა, რომ ოფიციალურმა პირებმა პროზექტურაში მისულ ოჯახს გოგოს სხეული არ აჩვენეს და მხოლოდ სახის ნახვის უფლება მისცეს, ისიც რამდენიმე წამით, რათა ცხედარი ამოეცნოთ.

“როგორც ნიქა, მეც ბავშვობიდან სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ჩემს თაობას არ ჰქონდა საკმარისი გამბედაობა პროტესტისათვის”, — აღნიშნავს დაღუპულის დედა, ნასრინ შაქარამი.

მღელვარების ფონზე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც მათი ვერსიით ჩანს, როგორ შედის შაქარამი თეირანში მდებარე ერთ-ერთ შენობაში, ხელისუფლებამ კი დაასკვნა, რომ მშენებარე ნაგებობის სახურავიდან გადმოაგდეს, სავარაუდოდ, მუშებმა.

ხელისუფლების მტკიცებით, შაქარამის დაზიანებები — მრავლობითი მოტეხილობები მენჯის, თავის, კიდურების, ხელებისა და ფეხების მიდამოებში — აჩვენებს, რომ დაცემის შედეგადაა დაღუპული.

თუმცა ნიქას დედას ამ ვერსიის არ სჯერა და უსაფრთხოების ძალებს ადანაშაულებს შვილის მოკვლაში. ამბობს, რომ სასამართლო ექსპერტიზაზე შვილის ცხედარი ნახა და მას მხოლოდ თავსა და სახეზე ჰქონდა დაზიანებები, სხეულის დანარჩენი ნაწილები კი კარგ მდგომარეობაში იყო.

ნიქა შაქარამი 

ნასრინ შაქარამი ასევე აღნიშნავს, რომ ნიქას დაღუპვის შემდეგ დაკავებულ მის დეიდასა და ბიძას — რომელთაგან პირველმა ნიქას დაღუპვაზე მთავრობის ვერსია გაახმიანა, მეორემ კი პროტესტის წინააღმდეგ ილაპარაკა — იძულებით გააკეთებინეს განცხადებები.

“თქვი, შე ნაძირალა!” — სავარაუდოდ, ამ ფრაზას უჩურჩულებენ დაღუპულის ბიძას ვიდეოში, რომელშიც პროტესტს აკრიტიკებს.

“ჩემი ძმის 4 წლის შვილის დაჭერით დაიმუქრნენ”, — აღნიშნავს ნიქას დედა და ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ასახული პირი მისი შვილი არ არის.

სანამ დააკავებდნენ, ნიქას დეიდა ათაშ შაქარამი აქტიურად წერდა დაღუპული გოგოს შესახებ სოც. ქსელში. როგორც აცხადებდა, ირანის სამთავრობო “რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ნიქა მათ ჰყავდათ დაკავებული 5 დღით, შემდეგ კი ციხის ადმინისტრაციას გადასცეს.

ოჯახს იმის საშუალებაც არ მიეცა, უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა მოზარდი: დედის თანახმად, ნიქას დაკრძალვა ქალაქ ხორამაბადში იგეგმებოდა, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა უნებართვოდ, მალულად, ნათესავებისა და მეგობრების დაუსწრებლად დამარხეს სხვაგან, ერთ-ერთ სოფელში.

ნიქას დაღუპვის შემდეგ, აქციაზე გადაღებული კადრების გარდა, სოც. ქსელებში ფართოდ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის მღერის და იცინის. ეს ერთ-ერთია ვიზუალურ მოგონებათაგან, რომელიც ნიქას შესახებ შემორჩა.

მუჰსინ მუჰამადი

მუჰსინ მუჰამადი, 37 წლის ელექტროტექნიკოსი და 2 შვილის მამა, 21 სექტემბერს მაზანდარანის პროვინციის ქალაქ ღაემშაჰრში მოკლეს. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მისმა ნათესავმა Radio Zamaneh-ს უთხრა, რომ მუჰსინს ცეცხლსასროლი ტყვია ზურგსა და მარცხენა მხართან მოხვდა. დაჭრილი კაცი იქიდან ტაქსის მძღოლმა გაიყვანა, ოჯახის წევრებმა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“საავადმყოფოსკენ მიმავალმა მუჰსინმა, როცა ჯერაც ცოცხალი იყო, ძმას უთხრა, რომ ვერ სუნთქვადა. მისმა ძმამ გააჩერა მანქანა და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, გულის მასაჟი გაუკეთა… მაგრამ ფილტვები სისხლით იყო სავსე”, — აღნიშნავს რადიოს წყარო.

“…მოჰსენ მოჰამადის ცხედარი საავადმყოფოდან სამედიცინო ექსპერტიზის პუნქტში გადაასვენეს, სადაც მის ოჯახს უთხრეს, რომ ცხედარს მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მიიღებდნენ.

[თუმცა] ოჯახმა მოახერხა მუჰსინის ცხედრის მიღება მუდმივი მეთვალყურეობისა და მუჰსინ მოჰამადის მამის სახლის წინ 700-ზე მეტი ადამიანის შეკრების შემდეგ”, — წერს რადიო და იქვე დასძენს, რომ დაღუპული კაცი 22 სექტემბერს დაკრძალეს.

“ოჯახს მხოლოდ მისი სისხლიანი სამოსი დარჩა” — წერს Radio Zamaneh მუჰსინ მუჰამადის შესახებ მომზადებულ სტატიაში.

წყაროს თანახმად, უსაფრთხოების ძალები გააბრაზა დაკრძალვის ცერემონიაზე ადამიანების დანახვამ, რომელთაც მუჰსინ მუჰამადის ფოტოიანი მაისურები ეცვათ. უკრავდნენ ინსტრუმენტებზე და ისმოდა ადგილობრივი მუსიკა.

წყარო ასევე ყვება, რომ სხვების მსგავსად, მუჰსინ მუჰამადის ოჯახსაც სთხოვეს, არ ესაუბრა მედიასთან.

დაკრძალვის მოწმობის მიხედვით, რომელიც რადიომ მოიპოვა, სიკვდილის მიზეზად მოხსენიებულია „მაღალსიჩქარიანი ტყვიის მოხვედრა”. გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ აღინიშნებოდა “ფართო სისხლდენა გულმკერდში”.

ჰადის ნაჯაფი

22 წლის ჰადის ნაჯაფიც იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელიც, ერთი მხრივ, ტექნოლოგიების ეპოქაში გაიზარდა, მეორე მხრივ კი, მთელი ცხოვრების გატარება 1979 წელს დამყარებული ისლამური რესპუბლიკის პირობებში მოუწია.

მეგობრების თქმით, ჰადისი იყო დამოუკიდებელი, ბედნიერი, თავისუფალი  გოგო, თუმცა მაჰსა ამინის დაღუპვამ შეცვალა და ძალიან გააბრაზა. მათი გადმოცემით, ჰადისმა თქვა, რომ არასოდეს დანებდებოდა სამართლიანობის ძიების პროცესში.

უსაფრთხოების ძალებმა ჰადის ნაჯაფი ქალაქ ქარაჯში, 21 სექტემბერს, გასროლით მოკლეს. ნათესავის თანახმად, ის საღამოს საათებში შეუერთდა პროტესტს:

“ჰადისი სახლიდან გავიდა, თუმცა დედამისი ძალიან წუხდა და ცდილობდა, დაკავშირებოდა მას. ჰადისი გაღიზიანდა და ტელეფონი გამორთო. უცებ ვიღაცამ დარეკა მისი ნომრიდან. თქვა, რომ ესროლეს და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი”.

BBC-ის მიხედვით, ჰადისის დები ამბობდნენ, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში და კისერში ესროლეს, ასევე გამოიყენეს ფრინველებზე სანადირო საფანტი.

ჰადის ნაჯაფი 

გავრცელდა მისი ცხედრის ორი ფოტოც, რომლებზეც საფანტის ტყვიებით მიყენებული ჭრილობები ჩანს.

“კისერზე და მკერდზე ტყვიით მიყენებული ჭრილობები იმაზე მეტყველებს, რომ სროლა ახლო მანძილიდან მოხდა”, — წერს Radio Zamaneh, რომელმაც ხსენებული ფოტომასალა გაავრცელა.

ჰადის ნაჯაფი 23 სექტემბერს დაასაფლავეს. წყაროები მედიას ეუბნებიან, რომ უსაფრთხოების ძალები ოჯახს ცხედარს არ აძლევდნენ და უბიძგებდნენ მას, ეთქვა, რომ ახალგაზრდა ქალი არა ტყვიებს, არამედ შიშით გამოწვეულ გულის შეტევას შეეწირა.

Radio Zamaneh-თან საუბრისას ჰადისის დამ, შირინ ნაჯაფიმ დაადასტურა ზეწოლის ფაქტი როგორც მასზე, ისე ოჯახის სხვა წებვრებზე, რათა არ ეთანამშრომლათ მედიასთან და ჰადისის დაღუპვის მიზეზად ბუნებრივი სიკვდილი დაესახელებინათ.

“მის დასაფლავებაზეც კი უსაფრთხოების ძალები გვიკრძალავენ ხმამაღლა ლაპარაკს ან ტირილს, ასე რომ, რეალურად, ვერ შევძელით, გვეგლოვა”, — აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო Radio Zamaneh-თან საუბრისას.

რადიო ასევე წერს, რომ ოჯახისაგან მოიპოვა ჰადისის გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც სიკვდილის მიზეზად მითითებულია “სამხედრო აღჭურვილობის „ზემოქმედება და გასროლა”.

მუჰამად ჰასან თურქმანი

“პირადად მე, ერთი სიმბოლური პროტესტიც რომ ვნახო ბაბოლში, მხარს დავუჭერ”, — წერდა “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ ერთ-ერთ უკანასკნელ პოსტში 26 წლის მუჰამად ჰასან თურქმანი.

19 სექტემბერს, როცა ეს პოსტი დაწერა, ირანში უკვე აქტიურ ფაზაში იყო შესული მაჰსა ამინის დაღუპვით გამოწვეული საპროტესტო აქციები. პროტესტმა იფეთქა ირანის ჩრდილოეთით მდებარე მის ქალაქშიც.

Radio Zamaneh-ის მიხედვით, მუჰამადს 21 სექტემბერს ქალაქ ბაბოლის გუბერნატორის ოფისთან ახლოს ესროლეს. ის დაიღუპა.

ნათესავის თანახმად, იმ დღეს მეგობრებმა მუჰამადი სახლში დაპატიჟეს და დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაურეკეს:

ერთ-ერთმა 16:00 საათისთვის დაურეკა და უთხრა, რომ პროტესტის/ხალხმრავლობის გამო თავად მიაკითხავდა და წაიყვანდა, რაზეც მუჰამადმა უპასუხა, რომ არ ენერვიულა, 23:00 საათამდე ერთ-ერთ მაღაზიაში დარჩებოდა და შემდეგ თავად მივიდოდა მეგობრებთან.

როცა კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ, მუჰამად ჰასანმა თქვა, რომ იყო დიდი ხალხმრავლობა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ იმ დროს 26 წლის კაცი გუბერნატორის ოფისის წინ იმყოფებოდა.

როცა 23:00 საათამდე არ გამოჩნდა, კვლავ სცადეს, დაკავშირებოდნენ, თუმცა ზარს უკვე სხვამ უპასუხა.

“ადამიანმა, რომელმაც მუჰამად ჰასანის ტელეფონი აიღო, დაიწყო დამრეკავის გამოკითხვა. ეკითხებოდა, “ვინ ხარ” და “რა გინდა მუჰამად ჰასანისგან?” შემდეგ კი, ერთ მომენტში, მოპასუხემ თქვა, რომ მუჰამად ჰასანს ესროლეს და კვდებოდა.”

როცა მუჰამადის მამამ და ძმამ, რომლებიც მანამდე თეირანში იმყოფებოდნენ, ბაბოლის საავადმყოფომდე მიაღწიეს, მათ აცნობეს, რომ მუჰამადი უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპულის მამამ ინსულტი მიიღო.

მუჰამად ჰასან თურქმანი 

მედიის თანახმად, სხვა ოჯახების მსგავსად, მუჰამად ჰასანის ოჯახის შემთხვევაშიც იყო ზეწოლა: როგორც Radio Zamaneh-ის წყარო ყვება, ოჯახს სთხოვდნენ, ეთქვა, რომ ახალგაზრდა კაცი ინციდენტს ემსხვერპლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცხედარს არ გადასცემდნენ.

რადიოს მიერ მოპოვებული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ის მოკლულია ლითონის მრგვალი ტყვიით, გარდაცვალების მიზეზის აღწერილობაში კი ნახსენებია “ჰიპოვოლემიური შოკი”, “გულმკერდში ფართო სისხლდენა” და “ფილტვის ქსოვილის დაზიანება”.

ირანის ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის მომიტინგეთა დაღუპვაზე და მკვლელობებში, სხვებთან ერთად, “შეიარაღებულ მეამბოხეებს” ადანაშაულებს.

Radio Zamaneh-ის წყაროს თანახმად, სამთავრობო “რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ირწმუნებოდა, რომ მუჰამად ჰასანი ემიგრაციაში მყოფი ირანული ოპოზიციური მოძრაობის წევრებმა მოკლეს.

“ამბობდნენ, რომ ჰქონდათ ვიდეო, იცოდნენ, ვინ გააკეთა ეს და იძიებდნენ, მაგრამ შემდეგ სიახლე აღარ ყოფილა… დაკრძალვის დროს ზეწოლას ახდენდნენ ოჯახზე და უბიძგებდნენ, ცერემონია ადრე დაესრულებინა”, — ამბობს რადიოს წყარო.

“ამერიკის ხმის” ცნობით კი, ოფიციალური პირები ოჯახთან საუბრისას მიანიშნებდნენ “მეამბოხეების” ბრალეულობაზე, რომლებიც “ქურთები იყვნენ” და რომელთაგან ერთი დააკავეს კიდეც.

“თუმცა მოკლულის ოჯახს ამ მტკიცებების არ სჯერა”, — წერს ის.

“ამერიკის ხმის” წყარო ასევე ამბობს, რომ ოჯახს საშუალება არ მისცეს, მოკლულის ცხედარი სათანადოდ ენახა, “სხეული მთლიანად დაფარეს და მხოლოდ სახის მცირე ნაწილი იყო ხილვადი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი