ახალი ამბებიხელოვნება

დიანა ანფიმიადი უორვიკის ჯილდოს გრძელ სიაშია

2 ნოემბერი, 2022 • 1628
დიანა ანფიმიადი უორვიკის ჯილდოს გრძელ სიაშია

ქართველი პოეტი დიანა ანფიმიადი და მისი პოეტური კრებულის ინგლისურ ენაზე მთარგმნელები – ნატალია ბუკია-პიტერსი და ჯინ სპრაკლენდი მოხვდნენ ყოველწლიური  უორვიკის დაჯილდოების გრძელ სიაში.

“…ეს არის საუცხოო, ზღაპრული პოეზია”, – ასე აფასებს თანამედროვეობის გამორჩეული ბრიტანელი პოეტი და მწერალი, ფიონა სამპსონი დიანა ანფიმიადის პოეტურ კრებულს – “რატომ აღარ ვწერ ლექსებს”.

პრიზი დაარსდა 2017 წელს უორვიკის უნივერსიტეტის მიერ. ჯილდოს მიზანია, აღმოიფხვრას გენდერულ უთანასწორობა თარგმნილ ლიტერატურაში, გაისმას მეტი ქალთა ხმა საერთაშორისო სივრციდან და მათი ტექსტები მიიღოს ირლანდიურმა და ბრიტანულმა ლიტერატურულმა სივრცემ.

2022 წლის კონკურსში შესული იყო 138 განაცხადი, რომელიც მოიცავდა 33 სხვადასხვა ენაზე დაწერილ ტექსტს. კონკურსის არსებობის ისტორიაში წელს მიღებული განაცხადების რაოდენობა ყველაზე მაღალია. განაცხადთაგან გრძელი სიისთვის შეირჩა მხოლოდ 14 ნაწარმოები. 

კონკურსის  გრძელ სიაში ქართულ, არგენტინულ, კატალონიურ და სირიულ ტექსტებთან ერთად, მეორედ მოხვდნენ პოლონელი ნობელიანტი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი და მისი ტექსტის მთარგმნელი ჯენიფერ კროფტი. 

“წლევანდელი გრძელი სია წარმოაჩენს ქალთა მიერ თარგმნილი ტექსტების დიდ მრავალფეროვნებას და ძალას. ის არა მხოლოდ მოიცავს ენებისა და კულტურების დიდ არეალს, ჰინდიდან კატალანამდე, არაბულიდან იაპონურამდე, არამედ მოიცავს ჟანრთა სპექტრს, რომელიც მონაცვლეობს ზებუნებრივი ამბებიდან – მგრძნობიარე ლექსებამდე, ისტორიული ეპოსიდან, მიკრობიოლოგიურ ძიებებამდე.

ზოგი მათგანი მოთხრობილია მრავალი – ცვალებადი ხმით;  ზოგი კი – პროტაგონისტების მიერ, რომლებიც ააშკარავებენ სიზმრების, ამნეზიისა თუ შერჩევითი სიჩუმის მღელვარე და შთამბეჭდავ შინაგან სამყაროებს. მოკლე და გრძელი პროზა, პოეზია, ზეპირი ისტორია და სამეცნიერო თხრობა, ყველა მათგანი იყრის თავს ამ ლიტერატურული შემოქმედებითობის ზეიმზე”, — წერია უორვიკის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

მოკლე სია გამოქვეყნდება ნოემბრის შუა რიცხვებში, გამარჯვებული კი გამოცხადდება 2022 წლის 24 ნოემბერს, ლონდონში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი